„პრობაციის ბიუროს წარდგინება დაუსაბუთებელია“ – მიხაილოს ადვოკატი

პუბლიკა

„პრობაციის ბიუროს წარდგინება მიხეილ თოდუას (მიხაილოს) ციხეში დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია”, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა, EMC-ის იურისტმა, ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა. ის განმარტავს იმ სამართლებრივ გარემოებებს, რაც მიხაილოს მიმართ არსებობს.

მისი თქმით, პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, გაუქმდეს მიხაილოს მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობა, მოსახდელად დარჩენილი ვადა აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ, შინაპატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, მას დააბრუნებენ ციხეში და სასჯელის მოხდა გაგრძელდება იქ.

მისივე თქმით, მიხაილოს ბიურო 13-14 და 17-18 ოქტომბრის შემთხვევებზე ედავება და ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევაში შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევას არ უთვლის საპატიოდ.

„თვითონ წარდგინება არის ძალიან დაუსაბუთებელი. ფაქტობრივად, რამდენიმე წინადადებით არის მითითებული, რომ შინაპატიმრობის დადგენილი რეჟიმი დაარღვია და რომ მიზეზები არ არის ობიექტური გარემოებით განპირობებული. საქმე ეხება 13-14 და 17-18 ოქტომბერს. პირველი შემთხვევა უკავშირდება ჩვეულებრივ მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას. მეორეც ასევე მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობაა. უბრალოდ, მეორე შემთხვევაში ეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა“, – ამბობს იურისტი.

ჩუთლაშვილი ჰყვება, რომ თოდუასა და პრობაციის სააგენტოს მანამდე ასეთი პრაქტიკა ჰქონდათ, რომ ბიურო საპატიოდ უთვლიდა  დადგენილი რეჟიმის დარღვევას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ, პროფესიიდან გამომდინარე, მას ღამით მუშაობა ესაჭიროებოდა და ეს იყო მისი რესოციალიზაციის კარგი საშუალება.

„შინაპატიმრობის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ეფექტიანად წარიმართოს პირის რესოციალიზაცია. შესაბამისად, პრობაციის სააგენტო მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობდა მის რესოციალიზაციას – პროფესიულად ვითარდებოდა ადამიანი, მუშაობდა და ამიტომ უთვლიდა მას ამ რეჟიმის დარღვევას საპატიოდ.

შინაპატიმრობის უმთავრესი მიზანია პირის რესოციალიზაცია. მისი მიზანია, მსჯავრდებულმა ისეთი მოქმედებები განახორციელოს, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მას და სასჯელის ამოწურვის შემდეგ შეეძლება საზოგადოებაში ნორმალურად ფუნქციონირება.

ამიტომ შესაძლებელია, შინაპატიმრობის რეჟიმი დაირღვეს და საამისოდ კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლოა საპატიოდ იყოს მიიჩნეული რეჟიმის დარღვევა. მათ შორის ერთ-ერთი არის ობიექტური გარემოება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორედ პროფესიულ საქმიანობასთან, პირის მხრიდან სხვადასხვა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან.

ვინაიდან იცოდნენ, რომ მიხაილო იყო მუსიკოსი და უკრავდა მუსიკალურ ღონისძიებებზე,  რომლებიც, ძირითადად, ღამის საათებში იმართებოდა, იყო ასეთი პრაქტიკა, რომ წინასწარ აფრთხილებდა თავის ოფიცერს, ეუბნებოდა, რომ ამა და ამ დღეს იქნებოდა აქ და აქ. შემდეგ კი წარადგენდა შესაბამის დოკუმენტს. ამ დოკუმენტების საფუძველზე, ბიურო მას საპატიოდ უთვლიდა რეჟიმის დარღვევას. ეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი იყო. მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო სწორედ ობიექტური გარემოება და მნიშვნელოვანი მისი რესოციალიზაციისთვის”, – ამბობს ჩუთლაშვილი.

როგორც იურისტი განმარტავს, წინა შემთხვევების მსგავსად ამ ორ შემთხვევაშიც ბიურო წინასწარ იყო ინფორმირებული და თოდუას შესაბამისი დოკუმენტიც ჰქონდა წარდგენილი, თუმცაღა ბიურომ საპატიოდ აღარ მიიჩნია ეს და წარდგინებაში არც შესაბამისი დასაბუთება მოჰყვა – რატომ, რა შეიცვალა?!

„რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება, რატომ არ ჩაითვალა საპატიოდ მაშინ, როცა მანამდეც იგივე ფაქტობრივი გარემოებები ჰქონდა, იმავე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რასაც ამ ორი კონკრეტულ შემთხვევის დროს. თუ ეს აქამდე საპატიოდ მიიჩნეოდა, რატომ აღარ ჩაითვალა ამ შემთხვევებზეც – ვერ ამოიკითხავთ ამ დასაბუთებას”, – ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის მიზეზი მიხეილ თოდუას მხრიდან შინაპატიმრობის ვალდებულების სისტემატური დარღვევა გახდა, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირ ავალდებულებს პრობაციის ბიუროს, მიმართოს სასამართლოს შინაპატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.


მიხაილო 2013 წლის სექტემბერში დააკავეს 12 გრ. MDMA-ის ფლობისთვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ციხე 6 წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში დატოვა და სასჯელის ვადის ამოწურვამდე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა – უკეთია ელექტრონული სამაჯური და შინიდან გასვლა 21:00 საათის მერე აკრძალული აქვს, ხოლო გამონაკლისი შემთხვევებისთვის პრობაციის ბიუროსგან სპეციალური ნებართვა სჭირდება.

მიხაილო პრობაციის ბიუროს რადიკალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს, იმას, რომ ბოლო შემთხვევა დაკავშირებული იყო პარტია „გირჩთან”.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ მიხაილოს პოლიტიკურ ივენთზე დაკვრისთვის გაასამართლებენ, ის პოლიტპატიმარი დიჯეი იქნება.

„ადამიანი მოვიდა „გირჩის“ პოლიტიკურ აქციაზე, დაუკრა მუსიკა და ამის გამო იჭერენ – მე ამას ასე ვუყურებ, ძაან მარტივად. როგორც არ უნდა შემოვუაროთ, საბოლოოდ ეს ასე იქნება. ეს ადამიანი იქნება, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ისეთ სიურრეალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ გვყავს დიჯეი პოლიტპატიმარი, დაკვრის გამო პოლიტიკურად გასამართლებული. იმედია, ეს აბსურდი დღეს დამთავრდება“. – განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბრიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა და კაფე-ბარების, რესტორნების მუშაობა 22 საათიდან აიკრძალა. „გირჩმა” კი, იმ არგუმენტით, რომ პოლიტიკური პარტიების შეკრებები არ ექცევა ამ რეგულაციებში, რამდენიმე გასართობ ობიექტებში „გირჩის“ ე.წ. შტაბები მოაწყო და ასე ეცადა ამ დაწესებულებების მუშაობის გაგრძელებას.