პრობაციის ეროვნული სააგენტო მიხაილოს საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეხმაურება მიხეილ თოდუას (მიხაილოს) საქმეს და აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის მიზეზი მიხეილ თოდუას მხრიდან შინაპატიმრობის ვალდებულების სისტემატური დარღვევა გახდა, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირ ავალდებულებს პრობაციის ბიუროს, მიმართოს სასამართლოს, შინაპატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

„აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თოდუას თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით. სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს შესთავაზა ალტერნატივა, რათა მას შესძლებოდა მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობა და შემოქმედებითი საქმიანობა, თუმცა მსჯავრდებულს არაერთხელ ჰქონია ამ შეღავათით ბოროტად გამოყენების მცდელობა. იგი აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში, ამასთან, ჰქონდა 21:00-08:00 საათებში შინ ყოფნის ვალდებულება.

2019 წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული მიხეილ თოდუას 18 დარღვევა ჰქონდა და მიუხედავად პრობაციის ბიუროს მიერ მის სასარგებლოდ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მსჯავრდებულმა თავისი ქცევა არ მოაწესრიგა მანამ, სანამ პრობაციის ბიურომ 2020 წლის 26 ოქტომბერს არ მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული შუამდგომლობით.

დღეს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინება და მიხეილ თოდუას დაეკისრა შინ ყოფნა 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, ნაცვლად 21:00-08:00 საათისა”, – წერს სააგენტო.


მიხაილოს ადვოკატები ამბობენ, რომ მიხაილოს შინაპატიმრობის რეჟიმი თვითნებურად არც ერთ შემთხვევაში არ დაურღვევია და ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო შესაბამისი პირი. მათივე თქმით, ბიუროს მიერ წინა შემთხვევების დროს მუსიკალურ ღონისძიებებზე მისი გამოსვლა ობიექტურ გარემოებად მიიჩნეოდა, რაც მის რესოციალიზაციას ემსახურებოდა და ამ მიზეზით საპატიოდ მიიჩნეოდა.

„ვინაიდან იცოდნენ, რომ მიხაილო იყო მუსიკოსი და უკრავდა მუსიკალურ ღონისძიებებზე,  რომლებიც, ძირითადად, ღამის საათებში იმართებოდა, იყო ასეთი პრაქტიკა, რომ წინასწარ აფრთხილებდა თავის ოფიცერს, ეუბნებოდა, რომ ამა და ამ დღეს იქნებოდა აქ და აქ. შემდეგ კი წარადგენდა შესაბამის დოკუმენტს. ამ დოკუმენტების საფუძველზე, ბიურო მას საპატიოდ უთვლიდა რეჟიმის დარღვევას. ეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი იყო. მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო სწორედ ობიექტური გარემოება და მნიშვნელოვანი მისი რესოციალიზაციისთვის”, – ამბობს EMC-ის იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი.

როგორც იურისტი განმარტავს, წინა შემთხვევების მსგავსად ამ ორ შემთხვევაშიც ბიურო წინასწარ იყო ინფორმირებული და თოდუას შესაბამისი დოკუმენტიც ჰქონდა წარდგენილი, თუმცაღა ბიურომ საპატიოდ აღარ მიიჩნია ეს შემთხვევები და არც განუმარტავს – რატომ.