სასამართლომ პირს, რომელმაც რესტორანში გაისროლა, აღკვეთის სახედ 20 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა

პუბლიკა

მცხეთის სასამართლომ პროკურატორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პირს, რომელმაც მცხეთის ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე ავტომატით გაისროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

„არანაირი მფარველი არ ჰყავს, რა სახის მფარველობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშუალისათვის, რომელიც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით.

[მოთხოვნილი გირაო] დადგენილი პრაქტიკაა და რაიმე უჩვეულო ამაში არ არის. ამ ეტაპზე ბრალდება წარდგენილია მხოლოდ შეძენისათვის, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, მომდევნო ეტაპზე გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ სხვა სახის ბრალდებაც წარედგინოს“, – აცხადებს საქმის პროკურორი.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა.

იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ“, – აცხადებს პროკურატურა.

მცხეთაში სროლისთვის დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ივნისს პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ, საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.