სასამართლომ პოლიტიკოსი ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრ ბესიკ დანელიას ლევან ბერიანიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურების მიზნით 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

ბესიკ დანელიამ ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერით ლგბტ აქტივისტი, „თანასწორობის მოძრაობის” ყოფილი დირექტორი ლევან ბერიანიძე ჰომოფობიური რეპლიკით მოიხსენია. ლევან ბერიანიძემ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დანელია კანონდამრღვევად ცნო და უმცირესი თანხით, 1 ლარით დააჯარიმა.

„ბესიკ დანელია On.ge-სთან საუბრისას ამ ფაქტს გახარებული გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც 1 ლარად შეაფასა ლგბტ ადამიანების ღირსება, რომ სასამართლომ “ყველაფერი ნათლად უთხრა ლევან ბერიანიძესაც და ამ იდენტობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ცდილობენ შექმნან პრეცენდენტები ვითომ ისინი იჩაგრებიან”.

„თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სიმბოლური სანქციით – 1 ლარით, ახალისებს ჰომოფობიურ ჯგუფებს ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევისკენ, ხოლო ლგბტ ადამიანების უკლავს მოტივაციას, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად.

თანასწორობის მოძრაობის იურისტებმა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს, გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ბესიკ დანელიას ლევან ბერიანიძის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა დააკისრა”, – წერს „თანასწორობის მოძრაობა”.

მათი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის და მეტიც, მოცემული გადაწყვეტილება შესაძლებელია წამახალისებელი ხასიათისაც კი ყოფილიყო ჰომოფობიურად განწყობილი პირებისათვის, რადგანაც 1 ლარის დაკისრებით მოპასუხე მასმედიის საშუალებით ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის შემდგომ ფაქტიურად გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან.

„ეს ნათლად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ბესიკ დანელიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ გაიმეორა თავის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მსგავსი პრეცედენტის შექმნით, ადამიანები შეძლებენ დაიცვან თავისი პატივი და ღირსება შეურაცყოფისაგან. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ექნება შემაკავებელი ხასიათი, ვინაიდან ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანები, გაიაზრებენ რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში მათ დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც ამ ადამიანებს აქამდე ამის გამო, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დღეს დაცული და აღდგენილ იქნა ადამიანის პატივი და ღირსება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.