სასამართლომ რძლის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში რძლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.

მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მუქარის მუხლებით წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.