სასამართლომ სამინისტროს დაავალა, სანოტარო პროგრამებზე წვდომა აღმიდგინონ - შენგელია

პუბლიკა

ბაჩანა შენგელია „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

„პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება! საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და იუსტიციის სამინისტროს დაავალა სამინისტროს ჩემთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში და სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტს აქვეყნებს.

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა. მან გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილი, რომელშიც წერია, რომ გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა ბაჩანა შენგელიას facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით მიმართავდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამჟღავანებას და პოლიტიკური შეფასებებს.

შენგელიას სანოტარო საქმიანობის შეზღუდვაზე შეკითხვას უპასუხა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბაჩანა შენგელიამ პანდემიის პირობებში ნოტარიუსებისთვის მოქმედი წესები დაარღვია და მის ბიუროს დროებით შეუჩერდა საქმიანობა.

„ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ. ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია.“ – განაცხადა წულუკიანმა.