„ანას ბაღის“ დამცველების ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მოსამართლემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა „ანას ბაღის“ მიმდებარედ სამშენებლო კომპანიას დავის დასრულებამდე მშენებლობის ნება დართო.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი. აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას.
„ანას ბაღის“ დამცველები არ ვაპირებთ, შევეგუოთ უსამართლობას. არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას. გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის“, – წერენ აქტივისტები.
თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავდა. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.
თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის“ საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება, შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.
12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა უშუალოდ „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია.
„ანას ბაღის“ დამცველი, აქტივისტი გიორგი ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასა და მერიასთან, 40 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის. ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის და იქ ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.
ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.
„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს ფხალაძე.