სასამართლომ შსს-ს დავის დასრულებამდე რაზმაძის პოზიციაზე სხვა კადრის დანიშვნა აუკრძალა - საია

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შსს-ს ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა. სასამართლომ განჩინება 21 დეკემბერს გამოიტანა. ინფორმაციას საია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გოგა რაზმაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სამინისტრომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამას წინ უძღოდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება, შეეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის საქმის წარმოება.

საიას განცხადებას ვრცლად გაეცანით ბმულზე.


2023 წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გოგა რაზმაძე წერდა, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. მისი ინფორმაციით, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.

რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს კი, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

30 ოქტომბერს გახდა ცნობილი ომბუდსმენის გადაწყვეტილება. 10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.