„სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება“ - კუბილიუსი რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუასთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სასამართლის პოლიტიზება გრძელდება“.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლოსა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად, მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: ოპოზიციური ტელეარხის მეწილეს, გიორგი რურუას, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“, — დაწერა მან „ტვიტერზე“.


გუშინ „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.