სასამართლოში გაბუნიას საქმეზე ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

„შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით. ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მივაწოდე. ასევე, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას. ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ, გაბუნიას შესთავაზეს დაცვა – ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის, როგორც ჩანს”, – განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს – თუ ინფორმაციას გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ წინასწარ ფლობდა, რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში საგამოძიებო უწყებები?

„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს. ეს ასე არ ხდება. დაზუსტებული ინფორმაცია ეს არ იყო, სარწმუნოდ ბოლომდე ჩემ მიერ არ იყო მიღებული. ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულის შესახებ სუს-იდან ვიღებთ ძალიან ბევრს და ვამოწმებთ. სუს-სავე არ ვატყობინებთ…

[შევიტყვე] რამდენიმე კვირით ადრე, კორონავირუსი უკვე იყო, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ… ახლახან არ იყო, მაქსიმუმ, ორი თვე შეიძლება იყოს”, – განაცხადა გვარამიამ.

ის ამბობს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, თანამზრახველი ბოკოვს აუცილებლად ეყოლება. მისი ვარაუდით, თანამზრახველები შეიძლება იყვნენ საქართველოში.

ნიკა გვარამიამდე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. გამოკითხვის შემდეგ მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა მისი სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე. მისი თქმით, მან სამართალდამცველებისგან მიიღო შეთავაზება, დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა. გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ საკითხს ფიქრისა და იურისტთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს.

საქმე ეხება 15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გაბუნიაც და გვარამიაც სუს-ში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარშემო დაიბარეს, თუმცა ორივემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებებისადმი უნდობლობის გამო, მიაჩნდათ, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ბევრად ეფექტიანი იქნებოდა, ამიტომ აირჩიეს გამოკითხვის ეს ფორმატი.