სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას - ENKA

პუბლიკა

„სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისათვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია”, – ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ მხარეთა შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა რეგულირდება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთგზის გავუგზავნეთ წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია მოქმედებს მისთვის ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს წყალტუბოს სასამართლომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.