სასამართლოში მიყვანაზე უარის საფუძველი შესაძლოა, იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ახლა არარელევანტურია - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახური ვალდებულია, დააკმაყოფილოს სასამართლოს მოთხოვნა და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მიიყვანოს. მისი თქმით, გადაყვანაზე უარის საფუძველი შესაძლოა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ეს საფუძველი რელევანტური ვერ იქნება.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს სასამართლოს მოთხოვნა ბადრაგისადმი, რომ ის სასამართლოში მიიყვანონ.  შესაბამისად, პენიტენციური სამსახური ვალდებულია, სასამართლოს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ერთადერთი შესაძლებლობა უარის თქმის შესაძლოა იყოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის იმდენად მძიმეა, რომ ეს მისთვის არ შეიძლება – ტრანსპორტირება. ექიმის, სამედიცინო დასკვნა იქნება [საჭირო] ამის თაობაზე.

ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება რელევანტური… ეს არგუმენტად, ალბათ, არ გამოდგება.

სხვა არგუმენტი არ ვიცი. არაორდინარული შემთხვევაა. არ გვახსენდება სხვა არგუმენტი, უარის საფუძვლად.

სააკაშვილს, ისევე, როგორც სხვა ბრალდებულს აქვს უფლება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და საჯაროდ ისაუბროს თავისი უდანაშაულობისა და ბრალის გარშემო“, – აცხადებს ლომჯარია.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესი ჩატარდეს არა ციხეში, არამედ სასამართლო დარბაზში და გაშუქდეს მედიის მიერ. ადვოკატ ბექა ბასილაიას ცნობით, სასამართლოდან აცნობეს, რომ პროცესი შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.