ადვოკატის თქმით, ხვალისთვის დაგეგმილი სააკაშვილის პროცესი სასამართლო დარბაზში გაიმართება

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესი ციხეში გაიმართებოდა. ადვოკატები მოითხოვდნენ სასამართლო პროცესის სასამართლო დარბაზში გამართვასა და მედიის მიერ მის გაშუქებას.

„დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.

ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ბექა ბასილაიამ.