სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული რეზო კიკნაძის ადმინისტრაციული სხდომა გაიმართა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა რეზო კიკნაძის ადმინისტრაციული საქმის განსახილველი სხდომა.

რეზო კიკნაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურის ვერსიით, მან ეს ქმედება 29 ნოემბერს ჩაიდინა.

გარდა ამისა, კიკნაძეს შსს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასაც ედავება.

შსს-ს ვერსიით, კიკნაძეს 25 ნოემბერს აქციაზე ხელში ქვა ეჭირა, ეს კი შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევაა (174-ე პრიმა მუხლი).

კიკნაძის ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს ადმინისტრაციული საქმე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის დასამძიმებლად დაიწყეს.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომაზე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის აცილება მოითხოვა.

ლელა ცაგარეიშვილს ესტონეთმა სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. აცილების შუამდგომლობის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს იყო.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

„მოცემულ შემთხვევაში სანქცირების საკითხი მოსამართლის, კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, რის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ, წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა“, – თქვა მან.

სხდომაზე რეზო კიკნაძეს სიტყვის წარმოთქმა სურდა.

„ვაცის ნადიმი” იმაზეა, როგორია ტირანის ბოლო. ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს […]. ცეცხლი ოლიგარქიას, „რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო“, – განაცხადა მან.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა არაერთხელ სცადა რეზო კიკნაძისთვის ლაპარაკი შეეწყვეტინებინა, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა.

საბოლოოდ, სხდომა 20 თებერვლამდე გადაიდო.