დღეს, 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი შშმ პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
კერძოდ, დავით პაპაშვილს სასამართლო გასული წლის 17 დეკემბერს ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებას ედავება, ხოლო დუტა ჯავახიშვილს – 7 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები „იმის დასადგენად, შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას.“
თავად დავით პაპაშვილი პროცესს არ ესწრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა ანა გახოკიძემ განაცხადა, დავით პაპაშვილი არ ადასტურებს ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებას და არ ეთანხმება სამართალდამცველების მიერ შედგენილ ოქმს.
სასამართლომ გამოკითხა დავით პაპაშვილის ექიმი, ნევროლოგი მამუკა ხაჩიძე.
როგორც მამუკა ხაჩიძემ განაცხადა, დავით პაპაშვილს 2020 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი.
2025 წელს ნეიროფსიქოლოგიური დასკვნით დაუდგინდა უვადო შშმ პირის სტატუსი. დიაგნოზი – ენცეფალოპათია, მესამე სტადია.
მოსამართლემ ექიმს ჰკითხა, შეუძლია თუ არა პაპაშვილს თავისი ქმედების შედეგი სრულყოფილად გააცნობიეროს?
ექიმმა უპასუხა, რომ,- „სრულყოფილად არ შეუძლია.“
მოსამართლემ ექიმს დამატებით ჰკითხა შეეძლო თუ არა ანგარიში გაეწია ან ეხელმძღვანელა თავისი ქმედებისთვის? ექიმმა უპასუხა, რომ,- „შესაძლებელია, რომ იმ დროს არ შეეძლო გაეკონტროლებინა თავისი ქმედება”.
როგორც ადვოკატმა განაცხადა დავით პაპაშვილისთვის ბუნდოვანია, რატომაა ტროტუარზე დგომა დანაშაული, მისი პოზიციაა რომ მას განზრახ არ შეუქმნია ხალხისთვის დაბრკოლება ტროტუარზე. როგორც ადვოკატი ამბობს, ვიდეოკადრებშიც ნათლად ჩანს, რომ ქუჩა იმდენად ფართოა, რომ პაპაშვილი იქ გდომით არავის მოძრაობას არ აფერხებდა.
ადვოკატის თქმით, როგორც დავით პაპაშვილი ამბობს, აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს და გაცნობიერებულად იღებს მონაწილეობას აქციების პროცესში.
როგორც ადვოკატმა თქვა, პაპაშვილი სამუშაოს შესრულებისას დასუფთავების სამსახურის მოძრავი მანქანიდან გადმოვარდა, თავის მძიმე დაზიანება მიიღო და 10 დღე კომაში გაატარა. ადვოკატის თქმით, პაპაშვილს აქვს პოზიცია რომ მას სათანადო დახმარება არ გაეწია. და ის საპროტესტო აქციაზე დგომით ამის გამოც გამოხატავდა პროტესტს. ადვოკატის თქმით, პაპაშვილის პოზიციაა, რომ ის „დემოკრატიული მიზნებისთვის დგას აქციაზე, არ ეთანხმება კაბალურ კანონებს და არ ეთანხმება რომ უკანონოდ მოხდა მისი იდენტიფიცირება.“
ადვოკატი მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. მას არ უნდა შეეფარდოს ჯარიმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით პაპაშვილის საქმეზე გადაწყვეტიელბა 11 მაისს გამოცხადდება.
რაც შეეხება მერე ბრალდებულს – დუტა ჯავახიშვილს.
როგორც ჯავახიშვილის ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, საქმე ეხება მარშს, რომელიც ყოველ შაბათს იმართება და აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან. პარლამენტთან მისვლისას დუტა რუპორით მოუწოდებს-ხოლმე აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ.
როგორც ჯავახიშვილის ადვოკატმა სოფო მენაბდიშვილმა „პუბლიკას“ განუმარტა, 7 თებერვლის მარშისას, როცა ის მოქალაქეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდა, ამ მომენტში არის კამერით დაფიქსირებული, რომ იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე და შეუდგინეს ოქმი, რომ „კეტავდა გზის სავალ ნაწილს იმ დროს, როდესაც არ იყო გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის აქციის მონაწილეები.“
რაც შეეხება დუტა ჯავახიშვილის ექიმის სასამართლოში დაბარებას და გამოკითხვას, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და არ ეთანხმება.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესზე ექიმის გამოკითხვა დამსწრე საზოგადოებისთვის დახურულიყო. მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჯავახიშვილის დღევანდელ პროცესზე განიხილეს შუამდგომლობები, რომელიც ეხებოდა მტკიცებულებების წარმოდგენას და მოწმეთა გამოკითხვას.
„რადგან სასამართლომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ექიმ-ფსიქიატრის გამოკითხვის და აპრიორი არის ასეთი პრაქტიკა სასამართლოში, რომ თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს მკურნალი ექიმი იმისთვის, რომ გაირკვეს, რამდენად იაზრებდა თუ ვერ იაზრებდა ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ წარმოვადგინეთ უამრავი ვიდეოჩანაწერი, მოწმეების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დუტა არის აქტიური პროტესტის მონაწილე, მას აქვს აქტიური სოციალური და ინტელექტუალური ცხოვრება, ატარებს ლექციებს, აქვს ინტერვიუები, ჩართულია ამ პროტესტში.
არასწორია და კანონდარღვევაა ადმინისტრაციულ პროცესში შეურაცხადობის დადგენა, იმიტომ რომ ამას ადგენს შესაბამისი დარგის ექსპერტები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რის გამოც ვერც ერთ ფსიქიატრს ვერ ექნება ამის კომპეტენცია დაადგინოს კონკრეტულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში პირი იაზრებდა თუ ვერ იაზრებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
და აი ამის გამო, ჩვენ წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ეს ადამიანი რეალურად არის თანასწორი, რომ გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეს და აქტიურად იღებდეს მონაწილეობას პროტესტში. და მისი შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა იყოს რაიმე განსხვავებულობის ან დისკრიმინაციის საფუძველი, მათ შორისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის პროცესზეც“,- უთხრა „პუბლიკას“ მენაბდიშვილმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, შემდეგი პროცესი გადაიდო იმისთვის, რომ მოწმეები გამოიკითხონ. მისივე თქმით, მათი ყველა მტკიცებულება დაურთო მოსამართლემ საქმეს და დააყენეს ასევე მოთხოვნა, რომ უნდა შეწყდეს საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
დუტა ჯავახიშვილის შემდეგი პროცესი 5 მაიის ჩაინიშნა.