სასამართლოზე ნათქვამი ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

სასამართლო პროცესზე ნათქვამი ფრაზის გამო თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

საქმე ეხება ბაჩო ახალაიას მიერ 16 თებერვლის სასამართლო პროცესზე ნათქვამი ფრაზის – „ეს ხელისუფლება არის დასამხობი“ – გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს.

განაჩენის გამოცხადებას ახალაია არ დასწრებია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. ის ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე – პროკურატურა მას 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.