„კოვიდკლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა კლინიკების მონიტორინგის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა“.
მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შედეგი იყო ის, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო კლინიკაში.
„მობილიზებული იყო 9200 საწოლი, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში გავაუქმე 1700 საწოლი, მაშინაც იყო ბევრი პრეტენზია და ტელევიზიებთან საჩივრები, თითქოს ქვეყანა არასწორად აკეთებდა რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. თან ვსაუბრობთ 1700 საწოლზე, რომელიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას.
კლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში“.
მისივე თქმით, რამდენიმე კლინიკაში არის შემთხვევა, როდესაც კლინიკის დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ, 10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს სახელმწიფოს ხარჯზე.
„ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ არასწორი გზით კლინიკები ფულს შოულობდნენ“.