ზოგიერთ კლინიკაში კოვიდისთვის ჩარიცხული დანამატები ექთნებამდე და ექიმებამდე არ მიდიოდა - აზარაშვილი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ონლაინგამოცემა ipress-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სამინისტროს გადარიცხული თანხა კლინიკებში არასწორად ნაწილდება.

მისი თქმით, ზოგიერთ კლინიკაში, კოვიდისთვის დანამატებს რომ აძლევდა სახელმწიფო – ექთნებისა და ექიმებისთვის, თანხა დანიშნულებისამებრ არ გაიცემოდა.

„სოფლის ექიმებსა და პირველად ჯანდაცვის ექიმებს როდესაც ვაფინანსებთ, ვუხდით კლინიკებს და ის კლინიკები – თავიანთ ოჯახის ექიმებს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ მიერ გადარიცხული თანხა არასწორად ნაწილდება. როგორც ყველა სხვა სფეროში,  სანდოობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მე რაც აქ ვნახე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, ზოგიერთი კლინიკისაგან, ჩვენ რომ კოვიდისთვის დანამატებს ვაძლევდით, რომელიც ექთნებისა და ექიმებისთვის უნდა მიეცათ, იქამდე არ მიდიოდა.  შრომის ინსპექცია დადის დღემდე საკითხის შესასწავლად. ირღვევა ვალდებულება და აუცილებლად გავატარებთ სანქციებს. როცა კლინიკამ მიიღო კონკრეტული დანიშნულებით თანხა და ექთნამდე არ მიიტანა, ეს სერიოზული პრობლემაა და არაფერში არ ჯდება“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორ შეიძლება 300-400 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, იმას დანამატი არ მისცე.

„და შენ  20 000 ლარი დაინიშნო და ჩათვალო, რომ ფული, რომელსაც სახელმწიფო მათთვის გაძლევს, შენია. ეს არ შეიძლება. მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები გვაქვს“, – ამბობს ipress-თან ზურაბ აზარაშვილი.