სასჯელის გადავადება არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი აღიარებს ბრალდებებს - ბასილაია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „TV პირველის“ ეთერში სასჯელის გადავადების სამართლებრივი შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასჯელის გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში, ეს არ იქნება იმის ნიშანი, რომ მიხეილ სააკაშვილი აღიარებს „პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს“.

„სასჯელის გადავადება არანაირად არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ან მისი რომელიმე ადვოკატი ვაღიარებდეთ და ვადასტურებდეთ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს, განაჩენებს. ეს გახლავთ უკანონო გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი და ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ზღუდავს მის უფლებებს, ექცევა წამების ტოლფასად, ამაზე ინსპექტორს აქვს გამოძიება დაწყებული, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აღიარებენ მას პოლიტიკურ დევნილად, მკაფიოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.

ამ ვითარებაში მის გასათავისუფლებლად ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, იქნება ეს თუნდაც ის, რაზეც აქტიურად მიდის საუბარი, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ სულსწრაფები და არ უნდა ვიყოთ სამართლებრივად რაღაც აცდენებში, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში“, – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სასჯელის გადავადების მოთხოვნის იდეა ჯერ მხოლოდ განიხილება.

„ჩვენ რომ ამას ვაპირებთ ხვალვე, არ გვითქვამს. ესეც არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც განიხილება, ჯერ სამართლებრივი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაგვიდგამს. ჩვენი პირველი ამოცანა ამ ეტაპზე არის ის, რომ სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბასილაიამ.

ბასიალაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია, შეიძლება, საქართველოში სერიოზულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ ამ საკითხის წამოჭრისას იქნება შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივი დასაბუთება.

რას გულისხმობს სასჯელის გადავადება

ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქტუალური გახდა კიდევ ერთი საკითხი – სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მიზეზთა გამო.

თუმცა ამ გზით გათავისუფლება მხოლოდ დროებითია და ციხიდან გათავისუფლების გზებს შორის, ალბათ, ვერ განვიხილავთ. ედუარდ მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ პატიმრებში მძიმე დაავადებების ფონზე, რომლებიც ართულებს სასჯელის მოხდას, თუმცა გრძელდება მხოლოდ მის გამოჯანმრთელებამდე.

შეიძლება, თუ არა, შიმშილობის გამო სასჯელის გადავადება? ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია, რადგან, თავისთავად, შიმშილობა, რომელიც შეიძლება, უბრალოდ, საკვების მიღებით გამოსწორდეს, არ იმოქმედებს გათავისუფლებაზე.

„მაგრამ თუკი ამ შიმშილობას მოჰყვება ჯანმრთელობის მძიმე გართულებები, რომლის გამოსწორებაც ხანგრძლივ პერიოდთან იქნება დაკავშირებული, ციხის პირობებში ვერ მოხდება და ა.შ. ამ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მხედველობაში მიიღოს სასჯელის აღსრულების გადავადების საკითხი“, – ამბობს მარიკაშვილი.

მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, სია, რომელთა მიხედვითაც მიიღება სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, მოითხოვს მსჯავრდადებული სასჯელის აღსრულების გადავადებას. თხოვნას სასამართლო განიხილავს, ის სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში სასამართლოს სჭირდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნები.

ეს შეიძლება შეაფასოს ადმინისტრაციის სამედიცინო პერსონალმა, სამხარაულის ბიურომ ან დამოუკიდებელმა ექსპერტმა. უნდა არსებობდეს მტკიცებულებები“, – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.