„სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა ასეთს“ - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

პუბლიკა

„ბრალის დამძიმება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და, რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა ასეთს“, – ამის შესახებ ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ლევან თოფაძის ოჯახს ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„მთავარი ჩემთავის ის იყო, რომ ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელად არის. ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მეორე ისაა, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. მესამე ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ, ჯერ მიმდინარეობს გამოძიება, ახლა გამოვიხედეთ თვალში, რადგან ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა, ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა და მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ბრალის დამძიმება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და, რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა ასეთს“,- განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

დღეს ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბუსა ჟვანიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბუსა ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, პროკურატურის შუამდგომლობა კი პატიმრობა იყო.


საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან თოფაძეს საცხოვრებელი სახლის აივანზე ბუსა ჟვანიამ განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

ლევან თოფაძე საავადმყოფოში იმყოფება. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბუსა ჟვანია კი კლინიკიდან დღეს გაეწერა.