სასმელი წყალი, საკვები და წამლები - მარნეულსა და ბოლნისზე EMC მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა  და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიონ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, კარანტინში მცხოვრებ მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების სამედიცინო მედიკამენტებზე, საკვებზე, სუფთა წყალსა და სხვა ჰუმანიტარულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

EMC წერს, რომ ისინი სისტემურად ახორციელებს ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჭიროებების კვლევას, რომელის ფარგლებშიც გამოვლინდა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელების უმეტესობაში არის სასმელ და სამომხმარებლო წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ასევე  უდიდესი გამოწვევაა სოფლებში აფთიაქების არ არსებობა. ხშირად სოფლებში არ არის სასურსათო მაღაზია და ამგვარი სივრცეების არსებობის შემთხვევაშიც მათში არსებული რესურსი იმდენად მწირია, რომ ვერ ახდენს სოფლის თითოეული მაცხოვრებლის უზრუნველყოფას საჭირო რაოდენობის მედიკამენტებითა და სურსათით. კარანტინის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობს დიდ ნაწილს დასაქმების შესაძლებლობები ასევე შეეზღუდათ, რაც მათ სოციალურ მოწყვლადობას ზრდის და ზოგიერთ ოჯახს საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებს.

„მაშინ როდესაც, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობას სრულად აქვს შეზღუდული გადაადგილება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანების, თითოეული სოფლის მომარაგება პირველადი მოხმარების მედიკამენტებით, საკვებით, სუფთა წყლითა და სხვა ჰუმანიტარული რესურსებით, იმისთვის, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანები არ დარჩნენ ბაზისური რესურსების გარეშე.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაითავლისწინოს კიდევ უფრო მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი ოჯახების სამედიცინო და სოციალური საჭიროებები და ინტერესები და მათ პრიორიტეტულად და განსაკუთრებული ყურადღებით უპასუხოს”, – წერს EMC.

მათივე თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობას ასევე აქვს ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდული შესაძლებლობები, რაც წლების განმავლობაში განათლების პოლიტიკის  სტრუქტურულ ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პროაქტიულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება კარანტინში მცხოვრები ადამიანებისთვის მედიკამენტებით და სხვა ჰუმანიტარული რესურსებით მობილიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.