სასტუმრო „პარაგრაფი“ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს

პუბლიკა

„ვამჯობინეთ უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ჩვენი ყოფილი თანამშრომლების ცილისმწამებლური ბრალდებები“, – სასტუმრო „პარაგრაფი“ განცხადებას ავრცელებს და ყოფილი თანამშრომლების განცხადებებს ეხმაურება.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ „პარაგრაფის“ მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით ვმოქმედებთ სასტუმროს გახსნის დღიდან. შედეგად, ჩვენი სასტუმრო არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სასტუმრო ევროპაში სტუმრების კმაყოფილების კუთხით. რაც შეეხება თანამშრომლებზე და მათ სამუშაო პირობებზე ზრუნვას, უხერხულად მიგვაჩნია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იძულებული ვართ გავასაჯაროოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ“, – წერია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სასტუმროში ხელფასის კორექტირება ხდება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით და არც ერთ თანამშრომელს არ აქვს ხელფასი იმ ოდენობთ, რაც გავრცელდა. მათი ცნობით, ინფორმაცია მოძველებულია და არ შეესაბამება სიმართლეს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველოში კოვიდრეგულაციების გამო სასტუმროებმა შეწყვიტეს ოპერირება და შესაბამისად, „პარაგრაფ შეკვეთილმაც“ 4 თვით შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ სრულად გასცემდა ხელფასს ყველა თანამშრომელზე.

„პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი, უაღრესად რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად არ მომხდარა არც ერთი შტატიანი თანამშრომლის შემცირება ან მათთვის ანაზღაურების დაკლება.

სასტუმროს არსებობის პერიოდში (გარდა 2020 წლისა – პანდემიის გამო), პარაგრაფი არის ერთერთი სასტუმრო, სადაც ყოველწლიურად გაიცა პრემია-დანამატი და არა ერთხელ, განსაკუთრებული ფინანსური შედეგების საფუძველზე, დარიგდა დაუგეგმავი ერთჯერადი პრემიები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სარგებლობენ 1 საათიანი შესვენებით, კვებისა და ხანმოკლე დასვენებისთვის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაფეტერიასა და მოსვენების ოთახში.

ჩვენი გუნდის წევრებისთვის დანიშნული გვაქვს 4 მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება (ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი) და მათ ემსახურებათ უახლესი ტრანსპორტი. ჩვენი თანაშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, “- ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, სასტუმროს მენეჯმენტის მხრიდან  არანაკლები ყურადღება ენიჭება თანამშრომლების განვითარებას და მათ უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად სთავაზობენ უფასო პროფესიულ სწავლებას, მათ შორის, უცხო ენის კურსებს.

„აღარაფერს ვამბობთ იმ წახალისებებზე, გარე აქტივობებსა და „ტეამ-ბუილდინგ“-ებზე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს დასუფთვების სამსახურის განყოფილებაში.

დამატებით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი თანამშრომლების აზრი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გათვალისწინებული, სასტუმროში ტარდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა, სადაც თანამშრომელებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა შეაფასონ მათი ხელმძღვანელები და სამუშაო პირობები. აღიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის დეკემბერშიც, რომელშიც მონაწილობა მიიღო 95% ზე მეტმა თანამშრომელმა და წელსაც დასუფთავების სამსახური უმაღლესი კმაყოფილების ინდექსით (100 დან 91%)-ით პირველ ადგილზე გავიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.