„დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვდგებოდით... თან მუდმივი შეურაცხყოფა, ტერორი და სოფლელოს ძახილი“

თათია ხალიანი

„ბოლოს უკვე რობოტი ვიყავი – მივდიოდი ღამე, მოვდიოდი ღამე, დღის შუქს ვეღარ ვხედავდი. გაუსაძლისი პირობები იყო ჩემთვის, 4 წელი ვიმუშავე და ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო ამდენი შრომა, უბრალოდ არ შემეძლო… ისე დამისუსტდა მთელი ორგანიზმი. ბოლო დღემდე 550 ლარი მქონდა ხელფასი. ამას ემატებოდა მუდმივი დამცირება და შეურაცხყოფა“.

„ყოველი დილა იწყებოდა შეურაცხყოფით, ლანძღვით… მერე ნაწილდებოდა დასალაგებელი ოთახები, 10-12 ოთახი გვქონდა ხოლმე დასალაგებელი. საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებდით. ბოლოს 13 ოთახი დავალაგე და კიდევ დამიმატეს. ამაზე ვთქვი, დავალებაში არ მიწერია, რატომ მაწერთ, დავიღალე, ადამიანი ვარ-მეთქი. თან  დერეფანიც უნდა დავალაგო, ფიზიკურად აღარ შემიძლია. დავალებაში რომ არ გიწერია, არაფერს ნიშნავს, უნდა გააკეთო, ბრძანებააო. სხვა ხელმძღვანელთან ჩავედი, რომ მეთქვა, იმან სახეზე ხელი ამაფარა, რომ ჩემი ხმამაღალი ნათქვამი სხვა პერსონალს არ გაეგო. რას ვაშავებ, რატომ მაფარებ ხელს, გამიშვი-მეთქი. რამდენს ბედავ, თუ არ გინდა, წადიო და ასე გამომიშვეს. მერე რაც ვიმუშავე, ნახევარი თვის ხელფასს ვითხოვდი, მაგრამ არ მომცეს“.

„დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვდგებოდით ხოლმე, პერსონალი არასდროს იყო საკმარისი, ოთახების რაოდენობა კი – ძალიან ბევრი. დასვენებაზე ვერც იოცნებებდი. იმდენი ოთახი გაქვს დასალაგებელი ფიზიკურადაც ვერ ასწრებ ჭამას. ვიხვეწებოდით ხოლმე, თუ შეიძლება საჭმელად ჩავიდეთ-მეთქი. ერთი სტანდარტული ოთახი უნდა დაგელაგებინა 40 წუთში. ამ ოთახების წინ დერეფნებიც უნდა დაგესუფთავებინა. თან ეს ამდენი ხსნარები… ძალიან მძიმე იყო, მკურნალობაში არ მეყო ის ხელფასი, რაც მანდ ავიღე“.

ეს არის ამონარიდები იმ ადამიანების მოყოლილი ისტორიებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ დასუფთავების განყოფილებაში მუშაობდნენ. „პუბლიკასთან“ საუბარში ორმა მათგანმა ანონიმურად დარჩენა ისურვა, ერთი კი ღიად გვიყვება სასტუმროში მუშაობის პერიოდზე, პირობებსა და დამსაქმებლის მხრიდან დამოკიდებულებაზე.

რას ჰყვებიან სასტუმროს ყოფილი თანამშრომლები

სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 2018 წელს გაიხსნა. ჯერ კიდევ გახსნამდე დაიწყო სასტუმროში მუშაობა ანასტასია გუდიევმა. ის გვიყვება, რომ ქობულეთის ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში სწავლობდა, როდესაც სასტუმროში მუშაობა შესთავაზეს. ანასტასიას ერთადერთი პირობა ჰქონდა, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა და კუთვნილი დასვენების დღეები ამისთვის გამოეყენებინა. მაგრამ ასე არ მოხდა, ყველა ჯერზე უწევდა მენეჯერისთვის თხოვნა, ის კი ბრაზობდა.

ანასტასია გუდიევა პროფესიულ კოლეჯში სასტუმროს ადმინისტრირების კურსზე, მიღება-განთავსების სპეციალობით სწავლობდა. მას მიზნად ჰქონდა, ამ მიმართულებით განვითარებულიყო და ამიტომაც დაიწყო მუშაობა სასტუმროში.

„უთანხმოება დაიწყო იქიდან, რომ სუპერვაიზერი არ მაძლევდა დასვენების იმ დღეებს, რომლებიც მე მჭირდებოდა და თან მეკუთვნოდა.  როგორც იქნა დავამთავრე კოლეჯი, ვაი იმ დამთავრებას… ცემენტებს, გაჯებს ვხეხავდით; ყველა ინვენტარმა, ოთახების მოწყობამ და ა.შ. ჩვენს ხელში გაიარა, მაგრამ გახსნამდე კიდე ნორმალური პირობები იყო. 8 საათი ვმუშაობდით, დასვენების დროც ნორმალური იყო. ჩამოვდიოდით, ვიკვებებოდით, მაშინ მაგას რა უჭირდა. აი, გახსნის მერე და ბოლო წლები იყო გაუსაძლისი“, – ამბობს ანასტასია გუდეივა.

ის ჰყვება, რომ, ე.წ. House Keeping-ის დეპარტამენტის უფროსი იყო და დღემდე არის ზაზა ოქროპირიძე, რომელსაც თანამშრომლების დასჯის თავისი მეთოდები ჰქონდა და ეს ძირითადად შრომის დატვირთვაში გამოიხატებოდა. ანასტასია გუდიევა სასტუმროში შტატიანი თანამშრომელი იყო. თავიდან მისი ხელფასი 500 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი 50 ლარით გაეზარდა. ის ამბობს, რომ იმ ვითარებაში, რომელიც საქართველოშია, მით უმეტეს რეგიონში, ადგილობრივებს სხვა გზა არ ჰქონდათ, ამ მცირედი ანაზღაურების გამო იტანდნენ მძიმე სამუშაო პირობებს.

„4 წელი ვიმუშავე ზუსტად. შარშან წამოვედი. გაუსაძლისი პირობების გამო, ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო. არ ვარ ასაკიანი, 31 წლის ვარ, მაგრამ უბრალოდ დამისტუსტდა მთელი ორგანიზმი. ბოლოს სასტუმრო კოვიდის გამო 12-საათიან გრაფიკზე გადავიდა, უშტატო თანამშრომლები გაუშვეს. კადრი ისედაც არასდროს ჰყოფნიდათ და ყველა ეს შრომა და ჯაფა ჩვენ, რამდენიმე ადამიანს გვაწვებოდა, ჩვენს ხელფასზე კი არ აისახებოდა, პირიქით, სულ ყელში გვადენდა მენეჯერი იმას, რომ 550 ლარს გვიხდიდა.

ჩვენთვის აღარ არსებობდა ოჯახი, შვილები, მშობლები, ნათესავები… თუ ჩვენს დეპარტამენტში ვინმე ორსული იყო, ამაზე მენეჯერი გიჟდებოდა, აწამებდა, ისეთივე ჯაფაში ჰყავდა, როგორშიც ჩვენ. ისევ ჩვენ ვეხმარებოდით და ვუმსუბუქებდით იმათ, როგორც შეგვეძლო. საძინებელში ჩემი სურათი დაკიდეთ, რომ დაინახავთ, აღარ დაორსულდებითო – ადამიანი რომ ამას გეტყვის, – აქ ორსულები მე არ მჭირდებაო, ორივე შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, თუ ვამატებდე. გვეუბნებოდა, ტელეფონი არ გათიშოთ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგირეკოთო. ვეღარ გავიგეთ, არ ვიცოდით, უკვე რა სამსახურში ვმუშაობდით, რობოტებივით  ვიყავით“, – ჰყვება ანასტასია გუდიევა.

ის ამბობს, რომ აზრი არ ჰქონდა უფრო მაღალ რგოლთან ჩივილს, მათი გულისტკივილი გულთან ახლოს არავის მიჰქონდა. თან ყოველთვის უშუალო მენეჯერს უჯერებდნენ, ვიდრე რიგით თანამშრომელს. ამიტომ როგორც გვეუბნება, მათი სიტყვა არაფერს ნიშნავდა, ამ მდგომარეობას შეეჩვივნენ და იცოდნენ, რომ გამოსავალი არ იყო.

ანასტასია გუდიევა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ხმის ამოღების გამო, ის ე.წ. პრობლემურ თანამშრომლად გამოაცხადეს, სასტუმროს სტუმრებისგან მუდმივად იღებდა მადლობის წერილებს.

ის ასევე გვიყვება, რომ დღეში ოფიციალურად ორჯერ შეეძლოთ კაფეტერიაში ჩასვლა საჭმელად ან ყავის დასალევად, მაგრამ თუ მენეჯერი მეორედ შესულს დაინახავდა,  სამუშაო დატვირთვას უმატებდნენ.

„12 საათის განმავლობაში ადამიანს ან მოშივდება ან ყავა მოუნდება ან სხვა რამე. ორჯერ გვქონდა შესვლის უფლება,  მაგრამ ვინ გვიშვებდა მეორედ, ერთხელ უნდა გვეჭამა. „ჰაუსკიფერს“ არ სცალია, რომ კაფეტერიაში იჯდესო. ის იმით უფრო კმაყოფილი იყო, რომ  ბევრი საერთოდ ვერ ასწრებდა ჭამას. იმდენ დავალებას აძლევდა, რომ ვერ ასწრებდნენ. ერჩივნათ არ ეჭამათ და სახლში წასულიყვნენ. ძალიან ბევრჯერ გაოფლილი, უნიფორმით სახლში წავსულვარ, იმიტომ, რომ გამოცვლის დრო არ მქონია, ავტობუსი აღარ დაგველოდებოდა. დავსუსტდით, დავავადმყოფდით ადამიანები. თუ დასვენების ოთახში შეხვიდოდი – მხოლოდ დასალაგებლად. პუფში ჩამჯდარს თუ ვინმეს დაინახავდა, საქმეს უმატებდა, ამიტომ აღარ შეგვეძლო ფიზიკურად ამდენი საქმე და ეს რომ არ გვინდოდა, ვუჯერებდით“, – იხსენებს ანასტასია.

ის ამბობს, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა, ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ წამოვიდა სასტუმროდან, ოჯახმა სესხი აიღო და ამ სესხით იტალიაში წავიდა.

„ორი მოზარდი შვილი მყავს, სამწუხაროდ, მომიწია დატოვება. ზუსტად ეს არ მინდოდა – შვილების დატოვება და მაგიტომ ვითმენდი. ჩემს შვილებთან მაინც ვიქნები და რაც მექნება ვიმყოფინებ-მეთქი. მაგრამ რომელ შვილებთან  – რას ჭამდნენ, რას მეცადინეობდნენ – ვეღარაფერს ვაკონტროლებდი ამ სამსახურის გადამკიდე. ღამე მივდიოდი, ღამე მოვდიოდი. მთავარი კიდევ, ტელეფონით სარგებლობის უფლება არ გვქონდა, ოჯახში კი ჩვენი სამსახურის ნომერი ჰქონდათ ჩაწერილი, მაგრამ ჩვენ ვერ ვრეკავდით. თუ ვინმე მოკვდება ან ავად გახდება – მარტო მაშინ დაგირეკონო. თუ იმას დაინახავდნენ, რომ ვინმე ტელეფონზე ლაპარაკობდა, საქმეს უმატებდნენ“, – გვეუბნება ანასტასია.

მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო მუშაობა სასტუმროში ნანამ (სახელი შეცვლილია). სამუშაო პირობები თავიდან მიმზიდველი ჩანდა – გრაფიკი 9-დან 6 საათამდე, უფასო ტრანსპორტირება და კვება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისულიყო. უთხრეს, რომ სამი დღე დააკვირდებოდნენ და შემდეგ გადაწყვეტდნენ, აიყვანდნენ თუ არა, მაგრამ ის სამი დღე არაანაზღაურებადი იქნებოდა.

სამი დღის შემდეგ აიყვანეს. როგორც იხსენებს, პირველი უხერხულობა  აყვანიდან მეორე დღეს, ე.წ. ბრიფინგზე განიცადა. სამუშაო დღის დაწყებამდე მენეჯერი თავისი განყოფილების თანამშრომლებს ამ ბრიფინგზე კრებდა და სამუშაოს ანაწილებდა. ნანა ამბობს, რომ ის ტონი, შეურაცხმყოფელი მიმართვა და დამოკიდებულება, რომელსაც მენეჯერი თანამშრომლების მიმართ გამოხატავდა, მისთვის პირველივე დღიდან მიუღებელი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპამდე უძლებდა.

„პირველად 10 ნომერი მომცეს და ერთი საათი შესვენება. ფიზიკურად ძალიან სწრაფად გავაკეთე იმ მომენტში, მაგრამ საღამოს ვიყავი დაშლილი. მეთქი – ერთი დღე გადავლახავ, ორი დღე, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერს საზღვარი ჰქონდა. ბოლოს 15 ოთახი მომცეს დასალაგებლად. უფრო სწორად, თავიდან 13 ოთახი, დავალაგე ეს ოთახები, მერე დამიმატეს ორი ოთახი.

სუპერვაიზერს ვუთხარი, დავალებაში არ მიწერია, რატომ მაწერ, დავიღალე, ადამიანი ვარ, პლუს ამას დერეფანიც უნდა დამელაგებინა, ისიც მოვასუფთავე და ფიზიკურად აღარ შემიძლია-მეთქი. რომ არ გიწერია, არაფერს ნიშნავს, უნდა გააკეთო, ბრძანებააო. ამაზე მითხრეს, ოქმს დაგიწერთო. ოქმი გაფრთხილებას ნიშნავს. რაც არ მეკუთვნის, რატომ უნდა გავაკეთო-მეთქი, ზედმეტს მიხდი, სამუშაოს რომ ზედმეტს მაძლევ-მეთქი.

ჩავედი ქვემოთ სხვა ხელმძღვანელებთან, მენეჯერებთან სალაპარაკოდ. დავიღალე მონა კი არ ვარ, არ შემიძლია-მეთქი. კარგად მახსოვს ერთ-ერთმა, ჯანამ, სახეზე ხელი ამაფარა, არ უნდოდა, სხვა დეპარტამენტებს და პერსონალს გაეგო. მერე მოვიდა ზაზა. იმან მითხრა, რა ულტიმატუმებს მიყენებ აქ, რა დღეში ხარ, თუ არ მოგწონს, წადიო. ასე გამომიშვეს“, – გვიყვება ნანა.  

სასტუმროდან წამოსვლის შემდეგ ნანამ რამდენჯერმე დარეკა დეპარტამენტში, სასტუმროს ადმინისტრაციაში, რომ რაც იმუშავა და ეკუთვნოდა –  ნახევარი თვის ანაზღაურება, ის მაინც მიეცათ მისთვის, მაგრამ უთხრეს არ მოგცემთ, არ გეკუთვნის არანაირი ანაზღაურებაო.

ნანა ამბობს, რომ პანდემიამდე  სასტუმროში მუშაობდა და ეს მისთვის მძიმე გამოცდილება იყო. მასაც 550 ლარი ჰქონდა ხელფასი. გვეუბნება, რომ ძალიან ბევრს იცნობს, ახლობლებს, რომლებიც სასტუმროდან წამოვიდნენ ასეთი ვითარების გამო. მისი თქმით, სხვა დეპარტამენტებს, როგორც სმენია, კარგი ხელმძღვანელები ჰყავთ და არაა ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა.

სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ნათია (სახელი შეცვლილია) სასტუმროში სამუშაოდ ორჯერ მივიდა. მისი თქმით, სასტუმროდან მისი პირველი წამოსვლა ცუდად ყოფნას უკავშირდებოდა. ამბობს, რომ ერთი დღე გაციების გამო ვერ შეძლო სამსახურში მისვლა, ბიულეტენიც ერთ დღეში არავინ გაუხსნა. ამის გამო კი მენეჯერმა შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ წამოვიდა.

რამდენიმე თვე სახლში იყო, სხვა სამსახური ვერ იპოვა, სამსახური კი ძალიან სჭირდებოდა. ნათია ამბობს, რომ გურიაში სხვა შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი ეს სასტუმროა, სადაც ადამიანს დასაქმება შეუძლია, მიუხედავად პირობებისა და მცირე ანაზღაურებისა.

„სხვა გამოსავალი არ მქონდა, მივედი და ვთხოვე ზაზას, დავებრუნებინე. მითხრა – კი, ოღონდ ერთი პირობით, თვალში არ შემეჩხირო, ისე უნდა იყო, რომ ვერ შეგამჩნიოო. მისვლის დღიდან დაიწყო, რა გითხრათ – ფსიქოლოგიური სტრესი, სულ ნეგატივი, სულ შეურაცხყოფა, „სოფლელოს“ ძახილი. პანდემიის პერიოდში 9 საათზე გავდიოდით სასტუმროდან, ძლივს ვასწრებდით. ერთ დღეს ვერ მოვასწარი იმდენი ოთახი მქონდა, 30 ადამიანი მელოდებოდა. მძღოლს ვთხოვე – დამიცადეთ-მეთქი. ვიცვლიდი, მენეჯერი რომ შემოვიდა – სად მიდიხარ, დერეფანი უნდა დააპილასოსოო. ვთხოვე, ადამიანობა გამოიჩინე, ხალხი მელოდება-მეთქი. იმ დღეს წამოვედი, მაგრამ დილით დაიწყო, რაც დაიწყო – თქვენ აქ ადამიანობისთვის არავის აუყვანიხართ, თქვენს ნებაზე ვერ იპარპაშებთო. ტერორი გვქონდა მუდმივად, რომ ჩვენ აქ არავინ ვიყავით“, – ჰყვება ნათია.

ის ამბობს, რომ უშუალო მენეჯერის იქით ვერავისთან მიდიოდნენ, რადგან მათ არავინ უსმენდა: „ერთმა გოგომაც დამირეკა არასამთავრობოდან და მკითხა – ყუთი თუ გქონდათ, სადაც, მაგალითად,  ანონიმურად შეგეძლოთ ჩაგეგდოთ, რაც გაწუხებდათო. გამეცინა, რომელი ყუთი. საერთოდ ხმა არ უნდა ამოგეღო და მით უმეტეს, არ უნდა გეხსენებინა რომ რამეზე ნაწყენი ვიყავით“.

როგორც ნათია გვეუბნება, მეორედ წამოვიდა სასტუმროდან დამატებითი სამუშაოს გამო, რომელთან გამკლავებაც ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

„უაზროდ ბევრი დავალება მქონდა, 14 ოთახის დალაგება მომიხდა. წინა დღითაც ძალიან მძიმე დღე იყო, ფიზიკურად უკიდურესად დაღლილი ვიყავი და მეორე დღესაც ამდენი ოთახი. მივედი სუპერვაიზერთან. ამ დროს შემოგვისწრო მენეჯერმა და მითხრა, რამდენსაც გიწერენ, ის გააკეთე, თუ არ გინდა, წადიო. უზრდელი მეძახა. წავედი, ვიფიქრე, გავაგრძელებ მუშაობას-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. ისევ ჩამოვედი იქნებ ადამიანურად დაველაპარაკო-მეთქი. ისევ ის მითხრა, მე ასე ვმუშაობ აქ, თუ არ მოგწონს წადიო. წამოვედი, რაღა მექნა“, – ამბობს ნათია.

ნათია ამჟამად უმუშევარია. როგორც ამბობს, სასტუმროში მუშაობით ისეთი სტრესი მიიღო, დრო სჭირდება, რომ ადამიანების ნდობა დაუბრუნდეს.

„პუბლიკა“  დაუკავშირდა სასტუმრო „პარაგრაფის“, ე.წ. House Keeping (დასუფთავების) სამსახურის ხელმძღვანელს, ზაზა ოქროპირიძეს, რომლის შესახებაც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სისულელეები, რასაც ეს ადამიანები ამბობენ. ჩემი გადმოსახედიდან ისინი არიან გაბოროტებული ვითომ თანამშრომლები, რომლებიც ერთმანეთს აჰყვნენ. ის ადამიანები, რომლებიც მაგ სისულელეებს წერენ და ამბობენ… იმასაც ვფიქრობდი, თუ  არ გაჩერდებიან და არ დაამტკიცებენ მაგ სიტყვებს, რომ თითქოს მე ვიღაცებს ასე ვექცეოდი, შემიძლია მათ ვუჩივლო მორალური ზიანისთვის. ეს ყველაფერი არის ტყუილი“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, თუ ვინმე თავს მონად გრძნობდა, წლების განმავლობაში სასტუმროში ვერ იმუშავებდა. ის უარყოფს ანაზღაურებასთან და პირობებთან დაკავშირებით ყოფილი თანამშრომლების ნაამბობს. მისი თქმით, ისინი ისეთ რაღაცებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც სასტუმროს ცხოვრებაში, განსაკუთრებით დასუფთავების ნაწილში,  ჩვეულებრივი ამბავია და ყველა დიდ სასტუმროში ასე ხდება.

„არის შემთხვევები ხანდახან, როცა ბევრი საქმეა, მით უმეტეს ზაფხულში, როდესაც ბევრი სტუმარია,  შეიძლება თვითონ ჩათვალოს, რომ ვერ ასწრებს და ვერ ჩავიდეს საჭმელად, თორემ მათ არავინ ეუბნებოდა, რატომ ჭამოო. რა სისულელეა. თვითონ როდესაც ვერ ასწრებდა ადამიანი და ხედავდა, რომ ვერ ასწრებდა, მისი გადაწყვეტილებით შეიძლებოდა, ვერ ჩასულიყო საჭმელად. დავალება სტანდარტულადაა გაწერილი ყველა თანამშრომელზე“, – ამბობს ის.

ზაზა ოქროპირიძე ამბობს, რომ დასაქმებული ადამიანები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ყოველთვის იღებდნენ. მათ მოჭრილად 550 ლარი ჰქონდათ, მაგრამ აღნიშნავს, რომ მათ სასტუმრო დამატებითი დღეების შემთხვევაში დამატებით თანხასაც უხდიდა, რაც თვეში, მისი თქმით, 850-900-ლარამდე გამოდიოდა. ის ასევე გვეუბნება, რომ მოჭრილი 550 ლარი ახლა 130 ლარითაა გაზრდილი.

მენეჯერი ასევე გვეუბნება, რომ სასტუმროში არსებობს სისტემა თანამშრომლებისა და მენეჯერების შესაფასებლად, ყოველი წლის ბოლოს დახურული პროგრამით ელექტრონულად სხვადასხვა დეპარტამენტის შტატიანი თანამშრომლები ქულებს წერენ. მისი თქმით, დასუფთავების  სამსახურს თანამშრომლების მინიჭებული ქულების მიხედვით დაახლოებით 95%-ით არიან კმაყოფილი.

„დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე პირადად, პირდაპირ გეუბნებით – ვარ მკაცრი და ვიქნები ყოველთვის. სიმკაცრე, დისციპლინა და სამართლიანობა მექნება ყოველთვის. ამ განყოფილებას ეს ყოველთვის სჭირდება. იმდენად რთული განყოფილებაა, რომ აქ თუ ოდნავ მოდუნდი, ახლა როგორიცაა „პარაგრაფი“ სუფთა და მოწესრიგებული, ასეთი აღარ იქნება. თუ სიმკაცრის გამო ვინმეს ჰგონია, რომ მათ მონად ვინმე თვლის, მათი პრობლემაა“, – ამბობს ზაზა ოქროპირიძე.

პირველად რამდენიმე  ისტორია სასტუმრო „პარაგრაფის“ ყოფილი თანამშრომლების შესახებ Facebook-გვერდმა „არა მონობას – ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ გამოაქვეყნა. ამ ისტორიებს კომენტარებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, ანონიმურად რამდენიმე ადამიანი თავის ამბავსაც აზიარებდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „პარაგრაფ შეკვეთილის“ გენერალური მენეჯერი – ელენე შარიქაძეა,  მფლობელი კი – შპს ბლექ სი რიზორთსი, რომელსაც თავის მხრივ  შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს. ამ ფონდის 100%-იანი წილის მფლობელია ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.