სასულიერო პირს დაუდასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი - სოლოღაშვილი

პუბლიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი მათთან გუშინ შეიყვანეს.

„დადასტურებულია COVID-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, სასულიერო პირის ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ვინ იყო გადადების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია. „ვინ არის წყარო, ოჯახის რომელი წევრი, ეს არ არის დაზუსტებული. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები გაარკვევენ. ოჯახის ყველა წევრი გუშინ შემოიყვანეს“, – თქვა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღეს კიდევ 24-ით გაიზარდა. stopgov.ge-ის მიხედვით, ამ დროისთვის, ჯამში, 296 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კორონავირუსის დიაგნოზით 5 პაციენტი დაემატათ, ხოლო ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე სულ 21 პაციენტი მკურნალობს.

„21 პაციენტიდან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. ამ 8-დან ერთს უკვე გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. კვლევაში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული პაციენტებიდან 5 პაციენტი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.