სასწრაფოდ შეწყდეს კანონის თავზე გადახევა - ანა ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარმა ოპოზიციური ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპატრიარქოს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვების ფაქტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვება არის დაუშვებელი ქმედება და სახალხო დამცველის ლეგიტიმაციისა და მანდატის უარყოფა, რაც საშიში პრეცედენტია.

 „ეს არის არამხოლოდ ყოვლად დაუშვებელი ქმედება, იმიტომ, რომ საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე უფრო მეტად მოწყვლად ნაწილს, რომელთა ინტერესების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური სტატუსის გამო, ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი. რაც ნიშნავს, რომ როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია და ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა, არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სესიაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტმა სასწრაფოდ გამოაგზავნა წერილი, რომ სახალხო დამცველს უნდა მიეცეს უფლებამოსილების აღსრულება, ეს არ აღსრულებულა დღემდე.

„რას ნიშნავს ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება თუ ოფიციალური პირი ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებს, არათუ არ იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ეს წარმოუდგენელი უკანონობა, სახელმწიფოს გაძევების, ჩანაცვლების, თუ მიტაცების თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, პრეცედენტი იყოს აღკვეთილი“, – თქვა მან.

მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები არ ცნობენ კანონსა და სახელმწიფოს. მან მოუწოდა პარლამენტარებს, რომ გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა ჩაერიონ ამ საკითხში და შეწყდეს უკანონობა.

„მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ, საქმე ეხება ბავშვებს და ამავე დროს სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშ პრეცედენტს. მინდა, მოგიწოდოთ ინდივიდუალურადაც და როგორც პარლამენტმა ყველა ბერკეტი სასწრაფოდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა აღმასრულებელი უწყება, რომელიც დღეს თავისი ინიციატივითაც უნდა აკეთებდეს ამას,  ჩაერთოს, რათა სასწრაფოდ შეწყდეს ეს უკანონობა და სახელმწიფოსა და კანონის თავზე გადახევა. წარმოუდგენელია ამის მოთმენა და წარმოუდგენელია, რომ აქამდე დუმს პარლამენტიც, მისი შესაბამისი კომიტეტებიც თუ საბჭოებიც და აღმასრულებელი უწყებებიც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილს მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჯავახეთის  მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ჩართვის დროს მთავარეპისკოპოსმა ომბუდსმენის აპარატის მისამართით ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.