გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ თბილისის მერის მიერ წარდგენილ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა.
„მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში მოითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს“, – აღნიშნავს „მწვანე ალტერნატივა“.
„მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი და ასევე, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას. ეს, კი, ორგანიზაციის განმარტებით ნიშნავს, რომ:
► თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება);
► სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);
►სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„მწვანე ალტერნატივის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას.
„მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს“, – წერია განცხადებაში.
„მწვანე ალტერნატივა“ თბილისის მერიას მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები.
5 ოქტომბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს.
როგორც კახა კალაძემ მომდევნო დღეს პრეზენტაციისას განაცხადა, თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარს მოიცავს. აქედან, 22 ჰექტარი ვაკე, 14 ჰექტარი კი ფერდობია. გათვლილი იქნება დღეში 11 000-მდე სტუმარზე.