იპოდრომი ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობის განვითარებას, რასაც ადამიანები კლასიკურ პარკში ვერ შეძლებენ – ურბანისტის შეფასება

პუბლიკა

„თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, საუბარი იყო იმაზე, რომ იპოდრომის ტერიტორია უნდა შენარჩუნებულიყო თავისუფალი სახით და ასეთი კლასიკური პარკი არ უნდა მოწყობილიყო იქ“, – „პუბლიკას“ არქიტექტორ-ურბანისტსა და თბილისის გენერალური გეგმის კოორდინატორს, „სითი ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორს, გოგი აბაშიძეს ესაუბრა.

გოგი აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგება იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებას; რატომ არ მოსწონს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი.

აბაშიძე ამბობს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ადამიანები სპეციფიკური აქტივობებით კავდებიან, რასაც კლასიკურ პარკებში ვერ შეძლებენ. ის აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიას ძალიან დიდი კულტურული გავლენა აქვს ქალაქზე, ეს სივრცე ხელს უწყობს მსგავი აქტივობების განვითარებას და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი ამ ფორმით შენარჩუნება.

გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ გამოიყურება ისე, როგორც ცენტრალური პარკი, რადგან ცენტრალურ პარკს თავისი შინარსიით სხვაგვარი დატვირთვა აქვს.

„როგორც ასეთი, ცენტრალურ პარკებს ახლავს მეტი თავისუფლება, აქვს ნაკლებად მოკირწყლული სახე. თუ შეხედავთ ცენტრალურ პარკებს სხვა ქვეყნებში, მათ აქვთ დიდი მინდორი, რომელიც უფრო მეტად იძლევა თვითიდენტიფიკაციის საშუალებას, არ სთავაზობს მოქალაქეებს კონკრეტული ფუნქციის მოედნებს.

როცა ვლაპარაკობთ ქართულ რაგბიზე და სხვა თვითაღმოცენებულ სპორტზე, რაგბიც თვითაღმოცენებული სპორტია, 90-იან წლებში მათ მოედნებზე არ უშვებდნენ. ყველა გუნდი, რომელიც დღეს რამეს წარმოადგენს, თავიდან იპოდრომზე ვარჯიშობდა.  იპოდრომის ტერიტორიას ძალიან დიდი კულტურული გავლენა აქვს ქალაქზე. ეს სივრცე ხელს უწყობს მსგავი აქტივობების განვითარებას და ქალაქის კულტურის ჩამოყალიბებას.

იმ პროექტში, რაც წარმოადგინეს, მოედნები არ არის. აქ არ არის საუბარი რამდენიმე მცირე მოედანზე. ვინც გადის ყოველ დღე იპოდრომზე, იცის, იქ რამდენი ხალხი იკრიბება. ქართველები და არაქართველები. მაგ: ინდოელები თამაშობენ კრიკეტს და ა.შ. რეალურად, მთელი იპოდრომი დატვირთულია ხოლმე იმ ადამიანებით, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. იქ ადამიანები სპეციფიკური აქტივობებით კავდებიან, რომელსაც კლასიკურ პარკებში ვერ შეძლებენ. მაგ: „მზიურში“ არავინ არაფერს არ თამაშობს, არც ფეხბურთს, არც ბეისბოლს და არც კრიკეტს“, – აცხადებს გოგი აბაშიძე.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მერიას ეს საკითხი იმ ადამიანებთან უნდა გაევლო, ვინც ამ სივრცეს მოიხმარს.

„რეალურად, იქ არავისთვის არაფერი არ უკითხავთ, რას უკეთებენ. იქაურებისთვის ძალიან ბევრჯერ, იმავე გენგეგმის ფარგლებში მიწარმოებია გამოკითხვა და სულ ორ რამეს მოითხოვდნენ, პირველი –  წყლის წერტილი არსებობდეს, ანუ საპირფარეშო და წლის დასალევი ადგილი და მეორე – რამდენიმე ხის დარგვას, რომ ჩრდილი იყოს, თავშესაფარებელი“, – განაცხადა გოგი აბაშიძემ „პუბლიკასთან“.

მისივე თქმით, ცენტრალური პარკი ნიშნავს იმას, რომ იზიდავს მთელი ქალაქის მოსახლეობას, ხოლო იპოდრომის ტერიტორია ამ დატვირთვას ვერ გაუძლებს. აბაშიძე აღნიშნავს, რომ ცენტრალურ პარკებს აქვს ეკონომიკური ასპექტიც. ასეთი პარკების ირგვლივ სივრცეების ფასი იზრდება, ხოლო იპოდრომის ირგვლივ სივრცეების ფასი ვერ გაიზრდება და რომც გაიზარდოს, ქალაქს ამგვარი განვითარება ამ არეალში ვერ გამოადგება.

„ცენტრალური პარკი ნიშნავს, რომ ის უნდა იტევდეს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხს, იყოს ძალიან პრესტიჟული პარკი და მის გარშემო სივრცეები იზრდებოდეს ფასში. თბილისში 60-70% არაპრესტიჟულ უბნებში ცხოვრობს – გლდანი, დიდი დიღომი, მუხიანი ყველაზე მეტად დასახლებული უბნებია. ეს სატრანსპორტო და სხვა მობილობების არალოგიკურ განვითარებას იწვევს. ლოგიკური იქნებოდა, რომ ცენტრალური პარკის იდეა, როგორც ხელსაწყო, გამოყენებული ყოფილიყო სწორედ ამ მიზნით, რომ წაეხალისებინა ქალაქის სწორი განვითარება, გადანაწილებულიყო სწორად და ამასთან ერთად, გენერირება მოეხდინა იმ ეკონომიკური სიკეთის, რასაც ცენტრალური პარკები აკეთებენ ხოლმე.

მუხიანის ორ დასახლებას შორის, ჩამოდის უზარმაზარი ხეობა, ზღვის უბნის დასახლებაში, რომელიც დაჭაობებულია და მოსაწყობი. კარგი იქნებოდა იქ გაკეთებულიყო ცენტრალური პარკი. ახლა, ვითომ პარკს ვაკეთებთ იქ, სადაც ისედაც პარკი იყო“, – ამბობს ის.


დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომის ტერიტორია) 36 ჰექტარს მოიცავს. აქედან, 22 ჰექტარი ვაკე, 14 ჰექტარი კი  ფერდობია. გათვლილი იქნება დღეში 11 000-მდე სტუმარზე. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკი 26 ზონისგან შედგება. ჩამოთვალში შედის.

იაპონური ბაღი; საგანმანათლებლო ცენტრი (ორსართულიანი ნაგებობა, სამკითხველო და სამუშაო სივრცით); პანორამული პლატფორმა; ხელოვნური ტბა; ამფითეატრი; ბოტანიკური ბაღი; შადრევანი; პანორამული ხიდი; ფრანგული ბაღი; კვების ზონა და მთავარი, დიდი მდელო; სპორტული ზონა (საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები);

 

LB loan image desktop LB loan image mobile