სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი, ვინც დღეს მსახურობს - ბასილ კობახიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი დეკანოზი, რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ აღდგომა დღეს ხალხმრავლობა არ არის და და რომ ეკლესიები უკვე უნდა დაიხუროს.

„დიდი ხუთშაბათს, ზიარების დაწესების დღეა, საიდუმლო სერობის. ყველა მიმსვლელი ვალდებულია ეზიაროს. ერთი კოვზით. ეკლესია ეს დღეებია აქტიურად მოუწოდებს ხალხს მივიდნენ ხუთშაბათს. ხომ ყველამ ვნახეთ პაატა იმნაძის გამოსვლა. ხვალ დავირუსდება უამრავი ადამიანი. პოლიციამ უნდა დაკეტოს ახლავე ეკლესიები კარანტინზე”, – წერს ფეისბუქზე ბასილ კობახიძე.

მის თქმით –„სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი, ვინც დღეს მსახურობს და ხალხს აზიარებს. დღეს, ასევე, უამრავი ბავშვი მიიყვანეს ზომბმა მშობლებმა ზიარებისათვის. დღეს, აი, ახლა, ხდება ფართომასშტაბიანი დავირუსება, რომელიც აღდგომას კიდევ გაიზრდება. დღეს პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ. ყოველი ეს მღვდელი, პატრიარქიდან დაწყებული, უნდა დააპატიმრონ. სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. მედიამ ახლავე განგაშის ზარები უნდა დარეკოს“.

—————————–

გუშინ საპატრიარქოს და ხელისუფლების შეთანხმება გახდა ცნობილი. „ეკლესიის კარი არ დაიხურება“, – თქვეს მათ.

გუშინვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ არსად, მათ შორის არ ეკლესიებში – კუბოებს ვეღარ დავითვლი მალე, ეს გვინდა? – თქვა მან.