საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების 4-საათიანი შეხვედრა დასრულდა.
დელეგაციები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმებაზე სასაუბროდ შეხვდნენ.
აშშ-ის დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი.
რუსეთის დელეგაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პუტინის მრჩეველი საგარეო საკითხებში, იური უშაკოვი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა „გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯია“.
„მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება ისე, რომ იყოს სამართლიანი, ძლიერი, გრძელვადიანი და ყველა მონაწილე მხარისთვის მისაღები. როგორ გამოიყურება ეს? მიმდინარე საუბარი სრულად ამაზე იქნება”, — თქვა რუბიომ.
რუბიო ასევე მიუთითებს ევროკავშირის შემდგომ როლზე მოლაპარაკებებში. მისი თქმით „რაღაც მომენტში მაგიდასთან ევროკავშირიც უნდა იყოს, რადგან მათ [რუსეთისთვის] სანქციები აქვთ დაწესებული“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკლ უოლცმა თქვა, რომ ეს ომის არა დროებითი, არამედ პერმანენტული დასასრული უნდა იყოს.
„არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი. ეს უნდა იყოს ომის არა დროებითი, არამედ პერმანენტული დასასრული. ჩვენ ვიცით, პრაქტიკული რეალობა არის ის, რომ იქნება გარკვეული განხილვა ტერიტორიის შესახებ და უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს არის ფუნდამენტური საფუძვლები, რომლებიც დაფუძნებულია და დაეფუძნება ნებისმიერი ტიპის დისკუსიას.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზიდენტმა [ტრამპმა] გამოხატა სურვილი, მისი მონდომება, დაასრულოს ეს ომი, დაასრულოს მკვლელობა, რომელიც მიმდინარეობს“, — თქვა უოლცმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან სასარგებლო“ იყო, რადგან მხარეებმა „არამხოლოდ მოუსმინეს ერთმანეთს, არამედ ერთმანეთს გაუგეს“.
„მე მაქვს ყველანაირი საფუძველი რათა ვიფიქრო, რომ ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი პოზიცია“, — თქვა ლავროვმა.
ლავროვი ასევე აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ „რაც შეიძლება მალე“ დაიწყონ პროცესი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
პუტინის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, იური უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი „ცუდი არ იყო“.
„ცუდი არ იყო. ძნელი სათქმელია, უახლოვდებიან თუ არა რუსეთი და აშშ ერთმანეთს, მაგრამ ეს იყო ის, რაც ჩვენ განვიხილეთ. ეს იყო ძალიან სერიოზული განხილვა ყველა იმ საკითხზე, რომელზეც გვინდოდა შეხება.
ჩვენ შევთანხმდით, რომ გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები, რადგან მოსკოვიც და ვაშინგტონიც დაინტერესებულია ამით“, — თქვა უშაკოვმა.
დონალდ ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციამ განაცხადა, რომ თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა „ორმა პრეზიდენტმა ისაუბრა და შეხვედრას ელიან“.