პარიზში გამართული სამიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამერიკელ და უკრაინელ კოლეგებს ესაუბრა. ამის შესახებ მაკრონმა განცხადება გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება.
„რამდენიმე ევროპელი ლიდერის თავშეყრის შემდეგ, ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის.
ჩვენ ვეძებთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მისი აგრესია და ამას თან უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინელებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ეს შეთანხმება ისე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები.
ამაზე ევროპელებთან, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად ვიმუშავებთ. ეს არის მთავარი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპელებმა თავიანთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მეტი ინვესტიცია უნდა გამოხატონ – როგორც დღეისთვის, ასევე – მომავლისთვის”, – წერს ემანუელ მაკრონი.
მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც. გუშინ პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი ჩატარდა – ემანუელ მაკრონის ინიციატივით პოლიტიკოსები უკრაინის საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ.
ამას წინ უძღოდა 12 თებერვალს დონალდ ტრამპის მიერ სატელეფონო საუბრები როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან თქვა, რომ პუტინთან შეთანხმდა „მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ” დაწყებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს.