სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად აფასებს.
„კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე, რომ შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიციირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა“, – წერია NGO-ების განცხადებაში.