სავარაუდოდ, მალე ბინაზე გაეწერება - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე

პუბლიკა

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს”. – ამბობს ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის შესახებ ექიმი, „ნიუ-ჰოსპიტალსის” რეანიმატოლოგი მარინა ფირცხალავა.

მისი თქმით, ბავშვი დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. „მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაწერება. მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს” – ამბობს ექიმი.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

LB loan image desktop LB loan image mobile