„სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეების თანხა შესწირეს „ოცნებას", რის შემდეგაც ბათუმთან მშენებლობის ნებართვა მიიღეს" - TI

პუბლიკა

ბათუმთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს (TI).

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა.

საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ.

2022 წლის 25 ნოემბერს, კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა საქართველოს მოქალაქემ – დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ – მმართველ პარტიას ჯამში 40 000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება).

ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.

შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება. კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოა, რომ საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს”, – ნათქვამია განცხადებაში

TI მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.