„სავარაუდოდ, შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია" - საბანაძე „პუბლიკის" ჟურნალისტის საქმეზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, საარჩევნო უბანთან დღეს „პუბლიკის” ჟურნალისტის, მინდია გაბაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე, სავარაუდოდ, საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება.

„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდოდ, მოხდება გადაკვალიფიცირება და შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია”, – განაცხადა საბანაძემ ბრიფინგზე.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი თქმით, ამ დროისთვის [23:00 საათი] კვალიფიკაცია შეცვლილი არაა.


დღეს, 31 ოქტომბერს „პუბლიკის” ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა, ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი, ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ასევე დაზიანდა მისი მობილური.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.