სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – კალაძე Edison Research-ის კვლევაზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის წარმომომადგენლებმა გუშინ გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევის შედეგები შეაფასეს.

Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 39%, დანარჩენ ოპოზიციას – 41%, ხოლო გადაუწყვეტელია გამოკითხულთა  20%.

კვლევის შეფასებისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შანსი აქვს, პარლამენტში უმრავლესობით შვეიდეს.

„ამ კონკრეტულ კვლევებში, როცა „ქართულ ოცნებას“ 39% დაუწერეს, სავარუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამიანის ნაცვლად ხუთიანი უნდა ყოფილიყო. დღეს „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს შანსი, რომ უმრავლესობით, შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ყოველგვარი კოალიციების გარეშე“, – განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი რეიტინგი 60%-მდეა.

„39%. ვისაც დაუფიქსირდა ამ კვლევითაც კი,  ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49%-ზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი“, – ამბობს ის.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა აცხადებს,  „ედისონ რისერჩის“ კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს.

„წლების განმავლობაში ატარებდნენ ამ კვლევას, რაც არასდროს არ ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს. საკმაოდ მაღალი აცდენებიც იყო და რთულია, ენდო. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დავინტერესდეთ, ვინ აკეთებს საველე სამუშაოებს და  მარტივია, შემდეგ მივხვდეთ, რომ ეს კვლევები არ არის სიზუსტესა  და იმ რეალურ სურათთან ახლოს, რომელიც შეიძლება მათ დაენახათ, მაგრამ არ უნდოდათ, რომ გადმოეცათ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.