საწვავის ფასების გამო ბოიკოტი გრძელდება | რას ამბობენ კომპანია „ვისოლში"

პუბლიკა

„უარი საწვავის ფასებს“ – მოქალაქეების ბოიკოტი ბენზინგასამართი სადგურების მიმართ გრძელდება. პროტესტი სოციალურ ქსელში ნოემბრიდან დაიწყო, მოქალაქეების ნაწილი საწვავის მაღალი ტარიფის გამო ბოიკოტს უცხადებს კომპანია „ვისოლსა“ და სხვა ბრენდირებულ სადგურებს.

„უარი საწვავის ფასებს“ – facebook-ზე ამ სახელწოდების 140-ათასიანი ჯგუფია შექმნილი. მისი ადმინი გიორგი გილიგაშვილი „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ იგეგმება კომპანია „ვისოლის” წარმომადგენლებთან შეხვედრა, ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხები გვარდება.

მისი თქმით, საწვავის ფასთან დაკავშირებით გადასახედია აქციზის ღირებულებაც და კომპანიასთან, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ამ თემასაც განიხილავენ.

„აქციზი, რა თქმა უნდა, მომატებული კი არა, გაორმაგებულია. თუმცა მიგვაჩნია, რომ ფასების ასეთი ზრდა მთლად აქციზის ბრალი არ არის, არამედ ის ერთ-ერთი გარემოებაა. ჯერჯერობით სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნები არ ჩამოგვიყალიბებია”, – ამბობს გილიგაშვილი და დასძენს, რომ არსებობს ეჭვი, რომ ფასების ხელოვნურად ზრდა ხდება.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომისიის შექმნაა, რომელიც შეისწავლის პროდუქტზე ფასწარმოქმნას და საზოგადოებისთვის განმარტებული იქნება ეს საკითხები.

„ეს საკითხები უბრალო ადამიანებისთვის იდუმალებით არის მოცული. ამას სჭირდება სიცხადე და განმარტება, რა რის გამო იზრდება, რამდენია მოგება… როდესაც უმატებ, უმატებ, უმატებ და ადამიანს არ აძლევ განმარტებას თუ რა და რატომ ხდება. როცა იაფდება, ჩვენთან რატომ არ იაფდება? ხომ არის შემთხვევები, როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, თუმცა ჩვენ ისევ ის კონკრეტული ნიშნული გვიჭირავს?”, – ამბობს ის.

მიმდინარე კვირას პროტესტის მოთხოვნებს გამოეხმაურა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. მათ მიაჩნიათ, რომ პროცესი „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია”.

განცხადებაში ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი თქმით, ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ნავთობზე, რაც აიხსნება მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკის გახსნით. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, ამას ძირითადში განაპირობებს „ოპეკი +“-ის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საწვავის ფასები გაზრდილია საშუალოდ 10-15 თეთრით/ლიტრზე (3-4%-ით).

„ამ ფონზე, ერთადერთი თეორიული ბერკეტი, რამაც შეიძლება მოახდინოს საწვავზე ფასების გარკვეული დასტაბილურება, არის ე.წ. „მცურავი“ აქციზის გადასახადის შემოღება, რაც გულისხმობს აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავას თქმით, მიესალმებიან აქციზის ფასის გადახედვას, თუმცა ეს არა მათი, არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

„აქციზის გადასახადი დაახლოებით 45 თეთრამდე იღებს კონტრიბუციას… ჩვენ მივესალმებით აქციზის დაბალ ფასს და მივესალმებით იმას, რომ აქციზი გარკვეული პერიოდით შეიძლება შეჩერდეს, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა”, – ამბობს ის „ფორმულასთან” საუბრისას.

რაც შეეხება მოქალაქეების ბოიკოტსა და მათ მოთხოვნებს, როგორც ხორავა ამბობს, ახალი მარაგის შევსების პირობებში მიმდინარე და შემდგომი იმპორტი კომპანიას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ უგულებელყოს მზარდი ტრენდი.

„ჩვენი ტიპის კომპანიამ, რომელიც არც მომპოვებელი და არც გადამამუშავებელი არაა, ნავთობის საერთაშორისო ფასებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენს კომპანიას ექსკლუზიური უფლება აქვს საბერძნეთის ნავთობგადამმუშავებელ კომპანია „ჰელენიკ პეტროლიუმთან“ და წლების განმავლობაში ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის ნავთობის იმპორტს ვახდენთ.

ბენზინის ფასი რამდენიმე ძირითადი პროდუქტისგან შედგება: ნავთობის ფასი, გადასახადები, ლოგისტიკური ხარჯები. რომლის შემცირება შეგვიძლია?! – არ გადავუხადოთ მომწოდებელს, არ გადავუხადოთ ბიუჯეტს, ტრანსპორტირების ხარჯი არ გადავიხადოთ?!”, – ამის შესახებ კი მან „საქმის კურსთან”განაცხადა.

ის 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიას ამ ფაქტორებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.

„თუ ავიღებთ ერთი წლის დინამიკას, ნავთობპროდუქტების ფასი, დაახლოებით, 110%-ით არის გაზრდილი, რაც შიდა ბაზარზე პროდუქტზე 60%-მდე ფასის ზრდას ითვალისწინებს, რეალობაში კი ფასი, დაახლოებით, 43-44%-ით არის გაზრდილი. დინამიკაში მივყვებით იმ საერთაშორისო ფასებს, რომელიც ბაზარზე ფიქსირდება. ინფლაციური პროცესები არამხოლოდ ნავთობპროდუქტებს, არამედ სხვა სერვისებსაც აძვირებს”, – ამბობს ხორავა.

ის ასევე აცხადებს, რომ რამდენად არიან არსებული პროტესტის მოთხოვნათა ადრესატები, ვინც უფრო მეტად ჩაიხედება სიტუაციაში, დაინახავს.

„ადრეც ყოფილა მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობა, ხელმძღვანელებსაც შევხვედრილვარ, ვინც აქციებს აორგანიზებდა და ყოველთვის ძალიან ცივი, ჯანსაღი გონებით გაგვითვლია – სად ხედავთ მეგობრებო რეზერვს იმისთვის, რომ მე ფასი შევამცირო, რომელი ერთი კომპონენტია შესაძლებელი რომ შემცირდეს. მე არ მინდა, რომ ადამიანები რამდენიმე ორგანიზატორმა მოწამლოს და განაწყოს ქართული ჯანსაღი ბიზნესის მიმართ ისე, რომ რეალურად არ დაუტოვოს გზა და თავის მართლების პოზიციაში ვიყოთ. ჩვენ არაფერი თავის სამართლებელი არ გვაქვს”, – ამბობს ხორავა.

მისი განცხადებით, გაყიდვების კუთხით კომპანია ინარჩუნებს იმ გაყიდვებს, რაც ჰქონდა. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანიისთვის ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია იმიჯური ზიანი, ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერ კითხვაზე სწორი, კორექტული პასუხის გაცემა.

მან გადაცემაში საპროტესტო აქციის ინიციატორებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.