საწვავის ფასის ზრდას თბილისსა და რეგიონებში აპროტესტებენ

პუბლიკა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოქალაქეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ.

„გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ხელს გვიშლის. დაახლოებით 400 მანქანაზე მეტია და ცოცხალი ძალაც იყო, გვქონდა პირველ ჯერზე ცოცხალ ძალას გადაკეტილი და შემდეგ დაგვარბიეს და გადაგვყარეს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ქოჩიაშვილი.

პოლიციამ ადგილიდან 7 ადამიანი დააკავა. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ ნაწილს 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, ნაწილს კი – მართვის მოწმობა ჩამოართვა.

დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში. აქციის მონაწილეების თქმით. პროტესტი საქართველოს სხვა ქალაქებშიც იქნება.