საზღვარგარეთ გაყვანის არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას“, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივა მედში” 11 მაისს გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მის თავდებში ჩადგომის ინიციატივა აქვს. ენმ ამბობს, რომ ამ ჟესტით ხელისუფლებას აჩვენებენ, რომ სააკაშვილს სასჯელისგან თავის არიდება არ სურს.