სარჯველაძე: თუ აღმოჩნდება, რომ აქ არ არის რესურსი, შეიძლება გადაყვანილი იყოს უცხოეთში

პუბლიკა

„პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტარმა მიხეილ სარჯველაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს დასჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელსაც ვერ მიაწვდის პენიტენციური სისტემა, ან კერძო სამედიცინო სექტორი, მაშინ „თეორიულად შეიძლება საზღვარგარეთ გადაყვანა შესაძლებელი გახდეს.“

„მე ვამბობ, რომ თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა, რომელიც მოითხოვს ისეთ რამეს, რასაც ვერ მიაწვდის ვერც პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა და ვერც საქართველოში არსებული ვერცერთი კლინიკა, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება გახდეს შესაძლებელი გადაყვანა, მაგრამ არამაც და არამაც არ იქნება პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული. მხოლოდ ჯანმართელობის დაცვის რისკებიდან გამომდინარე მოხდება ეს.

მაგრამ ამას, რომ დღეს საქართველოში მკურნალობას არ ექვემდებარება, ვერავინ ამბობს და მათ შორის ვერც ომბუდსმენის კონსილიუმი.“ – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ამავე თემაზე დღეს ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ და თუკი აღმოჩნდება, რომ სერვისის გაწევა საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა პატიმრის უცხოეთში გადაყვანაზე, თუმცა, ამჟამად ამის რაიმე წინაპირობა არ ჩანს.

“მეცნიერულად ხდება დიაგნოსტიკაც, მკურნალობის გაწერაც, რეკომენდებული რა არის, ამის გაწერა, იქ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ეს არის დიაგნოზი და ეს არის რეკომენდებული მკურნალობის კურსი.

შემდეგ უნდა გაირკვეს, შეიძლება თუ არა ეს მკურნალობა მიწოდებული იქნას ან პენიტენციურ სამსახურში ან საქართველოს რომელიმე კერძო კლინიკაში, ჰიპოთეზურად თუ აღმოჩნდება რომ საქართველოში არ არის ასეთი რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები რომ გადაყვანილი იყოს უცხოეთში.

მანამდე ამის საჭიროება არ არსებობს. რა პოზიციაც პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა, რომ არ არის ისეთი მდგომარეობა, როცა რამე სერვისი შეიძლება იყოს ხელმიუწვდომელი, ეს რომ უდავო გავხადოთ, ამ მიზანს ემსახურება კვლევები, რაც იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა, რომ საკამათო აღარ იყოს საკითხი, რა არის დიაგნოზი,”- განაცხადა სარჯველაძემ.