„საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს. სამეურვეო საბჭოდან მის კანდიდატურას მხარი 8 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
დღეს თინათინ ბერძენიშვილმა არხის მომდევნო 6-წლიანი მართვის გეგმა წარადგინა და სამეურვეო საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხა.
თინათინ ბერძენიშვილმა ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაზე, შეძენილ ტექნიკასა და იმაზე, თუ როგორ აპირებს არხის განვითარებას მომდევნო წლებში.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, 2005 წლიდან, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი” გადაკეთდა „საზოგადოებრივ მაუწყებლად”, ის ერთადერთი დირექტორია, ვინც ყველაზე ხანგრძლივი ვადით იყო ამ თანამდებობაზე და სრულად ამოწურა დირექტორობის 6-წლიანი პერიოდი. ეს მისი თქმით, ინსტიტუციისთვის სტაბილურობის ძალიან კარგი მაგალითია და მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საბჭოს წევრმა ლაშა ტუღუშმა, რომელმაც ბერძენიშვილის მეორე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭირა, ბერძენიშვილს ჰკითხა იმ საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებზე, რომლებშიც მისი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” პოლიტიკა ნეგატიურად არის შეფასებული. მათ შორის, მაგალითად მოიყვანა „ეუთო ოდირის” დასკვნა არჩევნებზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ საზმაუ მმართველ პარტიას უფრო მეტად აშუქებდა.
„ის, რომ ერთ პარტიას, მმართველ პარტიას, უფრო მეტი გაშუქება აქვს, თქვენ მე გთხოვთ, რომ შემდეგ სხდომაზე მომიტანოთ, ბიბისის, ნებისმიერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” არჩევნების პერიოდი, როდესაც მმართველ პარტიას არ აქვს ყველაზე მაღალი ნიშნული.
ეს არის ბუნებრივი პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელზე გავლენას „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვერ მოახდენს, და იმიტოა ზუსტად მიუკერძოებელი და დაბალანსებული, რომ ზუსტად იმ სტატისტიკას გაჩვენებს რაც ქვეყანაში ხდება, როგორსაც აძლევს ხმას მომხმარებელი, როგორი აქტივობაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს, იმ დღის წესრიგს მიჰყვება და სხვას არ გაჰყვება ხელოვნურად, როგორც სხვა მედიასაშუალებები აკეთებენ” – უპასუხა ბერძენიშვილმა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე მეორეა საბჭოს წევრებიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას. საბჭოს სხდომაზე მან ორგანიზაცია „რეპორტიურები საზღვრებს გარეშე” შეფასება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” დაკარგა სარედაქციო დამოუკიდებლობა და მთავრობის კონტოლის ქვეშ პროპაგანდისტულ პლატფორმად გადაიქცა.
დღეს საბჭოს წევრმა ჰკითხა თინათინ ბერძენიშვილს იმ სტუდენტების თაობაზე, რომლებმაც ხელმოწერები შეაგროვეს და საზმაუზე ეთერს ითხოვენ განათლების რეფორმაზე სალაპარაკოდ. ბერძენიშვილის თქმით, წელს ტელევიზიის სეზონი დაიხურა და განახლებისთანავე ამაზე იმსჯელებენ.
ლიკა ბასილაიამ არხის გენერალურ დირექტორს კითხვა დაუსვა, რატომ არ უთმობენ ეთერს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც უკვე თვეებია მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ.
„დირექტორი უნდა ერეოდეს თუ არა [გადაცემებში] ამაზე მომდევნო 6 წელი ვიმსჯელოთ. ზუსტად იციან პროდიუსერებმა, ხელმძღვანელებმა, ეს იერარქია იმისთვის გვაქვს, ვინ მოიწვიონ, რატომ მოიწვიონ, როგორ გააშუქონ. როგორც კი გენერალური დირექტორი დაიწყებს ამ საქმიანობაში ჩარევას, ის დირექტორი, მგონია, რომ უნდა დაითხოვონ” – უპასუხა თინათინ ბერძენიშვილმა.
საზმაუს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო ვინც პირველ ტურში გადავიდა.
თინათინ ბერძენიშვილი პირველად საზმაუს დირექტორად 2020 წლის სექტემბერში აირჩიეს. გასულ წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა 130 650 ლარი შეადგინა.
გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურში მონაწილეობა კანდიდატებს 1 თვის განმავლობაში შეეძლოთ, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შერჩევის საფუძველზე კი, სამეურვეო საბჭო მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს გამოავლენდა.