საზმაუს ჟურნალისტები გათავისუფლების ბრძანებას გაასაჩივრებენ

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ახალი კვირის“ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დღეს მორიგი ბრიფინგი გამართეს. მათ უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს უკვე მიმართეს, გათავისუფლების ბრძანებებს კი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი განმარტავს, რომ სამივე ბრძანება არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო და არცერთი არგუმენტი, რომელიც ბრძანებაშია მოყვანილი, არ არის კანონმდებლობის შესაბამისი, პირდაპირ არღვევს ჟურნალისტების  უფლებებს და ეს გათავისუფლება არის უკანონო.

გადაცემის ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ მან ჟურნალისტებთან, თამთა ჯანაძესა და სოფო ზედელაშვილთან ერთად  გასული კვირის ბოლოს ელექტრონული ფოსტით მიიღო გათავისუფლების ბრძანება, რომ 1 მაისიდან აღარ არიან არხის თანამშრომლები. გადაცემის სხვა ჟურნალისტებს კი, რომლებიც არხზე რჩებიან, განუცხადეს, რომ „ახალი კვირა“ ეთერში აღარ დაბრუნდება.

„ანუ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საბოლოოდ გააკეთა ის, რის გამოც 28 დეკემბერს გადაცემა რეორგანიზაციის მიზეზით გააჩერა.

დადასტურდა, რომ გადაცემა კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო დახურეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს აწერს არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებამდე საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობის, შავი სიებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე. გათავისუფლების მიზეზში წერია: საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებები.

ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაგვიშვა იმ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო, რომელთა მოგვარებაც, სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს. ამის გამო, გადავწყვიტეთ, საზოგადოების ჩართულობით გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც არხს აქვს, საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და რა ხდება მისი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის კედლებს მიღმა“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, მათი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს საჯაროდ ისაუბროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე და გააკრიტიკოს ამ ორგანიზაციის მმართველი პირები.

„ეს არის მესიჯი ყველა თანამშრომლისთვის, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ. სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლების, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს, ადამიანების, ვინც პრობლემებზე ხმამაღლა ვსაუბრობთ.

უფრო მეტიც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენი პირველი განცხადებიდან მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა, დაეწყო შიდა მოკვლევა და გადაცემის ჟურნალისტების გამოკითხვა ისე, რომ მხილებული თანამდებობის პირები მოკვლევის დასრლებამდეც კი არ ჩამოშორებულან დაკავებული პოზიციებიდან“, – ამბობს დარსალია.