საზმაუს ჟურნალისტები: „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტები – თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები“.

„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე.

გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის“ შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს.

ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი.

ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.
P.S. კოლეგებს ვთხოვთ ამ განმარტებით ისარგებლონ, რადგან ამ ეტაპზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ“, – წერენ ჟურნალისტები განცხადებაში.


„ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის რეორგანიზაცია მის მოსაშორებლად დაგეგმა, რადგან ის არხზე არსებულ ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, არხზე არსებობდა, ე.წ. შავი სიები და ჟურნალისტებმა იცოდნენ, ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.

მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ბრალდებები, რომელთა ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.