ცენზურაზე ბრალდება - რას ამბობენ გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტები

პუბლიკა

„ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის რეორგანიზაცია მის მოსაშორებლად დაგეგმა, რადგან ის არხზე არსებულ ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, არხზე არსებობდა, ე.წ. შავი სიები და ჟურნალისტებმა იცოდნენ, ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.

იმედა დარსალიამ თქვა, რომ აპირებს, მიმართოს სასამართლოს და ცენზურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მის განცხადებას დაადასტურებენ „ახალი კვირის“ გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტები.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ახალი კვირის“ გადაცემაზე მომუშავე 5 ჟურნალისტს. თითქმის ყველამ განგვიცხადა, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

ქეთი თუთბერიძის თქმით, გადაცემის რეორგანიზაციის დასრულებამდე და მენეჯმენტთან არსებულ კითხვებზე პასუხის მიღებამდე კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, კითხვებზე პასუხის მისაღებად გადაცემის გუნდი არხის მენეჯმენტთან შეხვედრას ელოდება.

ქეთი თუთბერიძე „ახალი კვირის“ გადაცემაზე წლებია მუშაობს და მისი ავტორობით მომზადდა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული სიუჟეტი, რომლის ეთერში გასვლის გამო მას ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ადამიანები ღიად ემუქრებოდნენ.

ამ სიუჟეტის გამო 2021 წლის 24 დეკემბერს პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებულ აქციაზე თუთბერიძეს ხელი შეუშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ამ ფაქტზე თუთბერიძემ პოლიციას მიმართა.

„სამწუხაროდ ჯერ ვერ გიპასუხებ. კოლეგებთან მაქვს შეთანხმება, რომ გუნდურად ვიმოქმედებთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საჯაროობა მნიშვნელოვანია და თავს არ ვარიდებ პასუხებს“, – გვიპასუხა გადაცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოფო ზედელაშვილმა.

კომენტარზე გუნდთან შეთანხმების მოტივით ასევე უარი გვითხრა გადაცემის ორმა ჟურნალისტმა ანა ნოდიამ და ნატა ტაბიძემ. „პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ჟურნალისტ ბელა ზაქაიძეს, ის გადაცემაზე მისი დაარსების დღიდან მუშაობს.

„საჯაროდ ტელევიზიამ უკვე გააკეთა განმარტება. იბლოკებოდა თუ არ იბლოკებოდა სიუჟეტები, ეს ჩანს ჩვენი სიუჟეტებიდან და მათ შორის ჩემი სიუჟეტებიდან, რომლებიც ეხებოდა პრობლემურ და აქტუალურ თემებს. ერთი სიუჟეტიც არ არის ჩემი, რომელიც დაბლოკილა, ყველაფერი იყო ეთერში. შეგიძლიათ, ნახოთ სიუჟეტები, რა კრიტიკულ თემებს ეხებოდა და როგორი კრიტიკული იყო. ჩემს რესპონდენტებთან მიმართებაში შავი სიები მე არ მქონია, რომ ვინმე არ ჩამეწეროს. ვწერდი ყველას და ვეხებოდი ყველა პრობლემურ თემას“, – განუცხადა „პუბლიკას“ ბელა ზაქაიძემ.

„ახალი კვირის“ შეჩერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. გვიმრაძის თქმით, რეორგანიზაციის მიზანი გადაცემის ფორმატის შეცვლაა. ის ამბობს, რომ ჯერ უცნობია, ვინ იქნება გადაცემის წამყვანი და გააგრძელებს თუ არა იგივე გუნდი გადაცემაზე მუშაობას.

იმედა დარსალიას თქმით, გადაცემის რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ დაიგეგმა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ცენზურას და იცავდა თითოეულ სიუჟეტს, რომელიც კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს ეხებოდა. მისი თქმით, მაუწყებელში არსებობს, ე.წ. „შავი სიები” და ჟურნალისტებმა იციან, ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.

დარსალიამ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სარედაქციო საქმიანობაში ერევიან, არ დაასახელა და თქვა, რომ დეტალებზე სასამართლოში ისაუბრებს. ცენზურაზე იმედა დარსალიას განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი გუშინ გვიან გამოეხმაურა.

მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ბრალდებები, რომელთა ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.