„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტები იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
საკითხზე პრესკონფერენციის გამართვა ხვალ, 25 მარტს იგეგმება. „პუბლიკა” საკითხის დეტალებს მომდევნო დღესაც მოგაწვდით.
ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უწევს.
გადაცემა „ახალი კვირის“ ფორმატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია თებერვალში გავრცელდა. ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის რეორგანიზაცია მის მოსაშორებლად დაგეგმა, რადგან ის არხზე არსებულ ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, არხზე არსებობდა, ე.წ. შავი სიები და ჟურნალისტებმა იცოდნენ, ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.
საკითხზე განცხადება გაავრცელეს თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმაც. მათი თქმით, „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები“.