საზმაუს გადაცემა „წიგნების თარო": კანონპროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტებს ეხმაურება:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელმაც საზოგადოებაში სამართლიანი ვნებათაღელვა გამოიწვია.

“წიგნების თაროსთვის”, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტად მოიაზრება, უმთავრესია ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა და ნათელი მომავალი, ჩვენი მიზანია მომავალი თაობა იყოს წიგნიერი, განათლებული და წარმატებული, შესაბამისად ჩვენთვის უპირობო ამოცანაა ევროპული ოჯახის წევრობა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი და განმტკიცებული.

ამასთან დაკავშირებით, გავეცანით რა კანონპროექტის შინაარსსა თუ უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ჩვენთვის მნიშვნელოვან დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

არა კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – წერია განცხადებაში.