საზმაუს ხელმძღვანელები დაფინანსების კანონპროეტთან დაკავშირებით „ოცნების“ ლიდერებს შეხვდნენ

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე მუშაობა გაგრძელდება და შემუშავდება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომელიც შეთავაზებულ მოდელში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მოხსნის და დაიცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებს.

მათივე ცნობით, ახალი წესი დაფინანსების ცვლადობას უზრუნველყოფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მაუწყებლის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.

„პირველი არხი“ ავრცელებს ასევე შალვა პაპუაშვილს კომენტარს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი მიზანია, სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გადანაწილდეს, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, ამისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტას მოძებნიან.

„ვფიქრობ, ამ ინიციატივის მოტივაცია გასაგებია საზოგადოებისთვის. თავის დროზე დროებით ნორმად იყო ჩადებული „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ წესი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მიბმული იყო მთლიან შიდა პროდუქტზე, ეს იყო დროებითი ნორმა. იმავე კანონში, წინა პუნქტებში წერია, როგორი უნდა იყოს ძირითადი ნორმა, რომ ის დამოკიდებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელებზე, ანუ მოსახლეობაზე, სხვანაირი ცვლადი იყო ჩადებული. ვინაიდან საქართველოს ნახტომისებური ზრდა აქვს მთლიან შიდა პროდუქტში, პარლამენტის წევრების ინიციატივა სწორედ ის იყო, რომ არ იყო შესაბამისი და ადეკვატური ასეთი ნახტომისებური ზრდა. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წელიწადში 50-პროცენტით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, შემდეგ სამ-ოთხ წელიწადში ისევ 50-პროცენტიანი ზრდა იქნება, თუ ასე იქნება მიბმული მთლიან შიდა პროდუქტზე. რამდენადაც ვიცი სხვა ქვეყნების გამოცდილება, არსად არ არის ასეთი მიბმა მთლიან შიდა პროდუქტზე. არის სხვადასხვა სისტემა, ამაზე გვქონდა საუბარი. აბსოლუტურად მესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიმე ცვლადის აღება იქნებოდა უფრო რაციონალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმსჯელებთ, რა მოვიფიქროთ ამ მხრივ“, – განაცხადა პაპაუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს.

კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით“.

პროექტით შემოთავაზებულია, რომ მაუწყებელი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

კანონპროექტის მიხედვით, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.

საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება, წინა წელთან შედარებით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

საზმაუს მენეჯმენტი ამბობს, რომ დაფინანსების ახალი წესი დამოუკიდებლობისთვის რისკია