საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ - რატი იონათამიშვილი

პუბლიკა

„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ამ თემით მანიპულირება ოპოზიციის იმ ძალებს სურს, რომლებიც განწყობილები საიმისოდ, რომ საბოლოოდ შეთანხმებას არ მივაღწიოთ“, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. სხვათა შორის იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში, შეთანხმების პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ შედგეს“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.​

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან მათ თავიდანვე არ უნდოდათ, რომ ეს კონსენსუსი შემდგარიყო. იგი მოუწოდებს ოპოზიციას, არ გასცდნენ შეთანხმების ფორმატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.