საზოგადოებამ დაინახა, რომ სწორედ ის ექიმები დაეხმარნენ სააკაშვილს, ვინც ბულინგის ქვეშ არიან | თალაკვაძე

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა უნდა აღმოუჩინონ დახმარება და მათ გადაწყვეტილებებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა და ზეწოლა დაუშვებელია.

„მოკლედ რომ გითხრათ, პაციენტის ისტორია ის გახლავთ, რომ პაციენტს რაც სჭირდება, ის დახმარება უნდა აღმოუჩინონ ექიმებმა და დაუშვებელია ექიმების გადაწყვეტილებებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა, დაუშვებელია ზეწოლა და დაუშვებელია მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ექიმების შეურაცხყოფა და მათი კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

დღეს აგერ, მას შემდეგ რაც პენიტენციურის ჯანდაცვის სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ თითქოს მათ კრიტიკული სიტუაციების მართვა არ შეუძლიათ, დღეს მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სწორედ ის ექიმები, ვინც ბულინგის ქვეშ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ტელევიზიების მხრიდან, სწორედ ის ექიმები დაეხმარნენ მიხეილ სააკაშვილს და ჩაუტარეს რეანიმაციული ღონისძიებები.

რაც შეეხება პაციენტის შემდგომ სამედიცინო მომსახურებას – მოკლედ გეტყვით, რომ პენიტენციურმა ჯანდაცვამ უნდა წარადგინოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარების გეგმა. ე.წ. რიფიიდინგის სინდრომის მართვის გეგმა. სტრასბურგი პირდაპირ მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს შეწყვეტის შემდეგ სათანადო დახმარება.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

—————————————–

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, შიმშილობს. ის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაშია. 18 ნოემბერს მან გონება დაკარგა. ექიმი რეანიმატოლოგის განმარტებით, იყო სინკოპეს ეპიზოდი და ხანმოკლე რეანიმაციული ღონისძიების შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. სააკაშვილი შიმშილობას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აგრძელებს. შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. 19 ნოემბერს ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის რეჟიმი გაამკაცრა და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე. სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ პარლამენტარები თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. შიმშილობენ საკრებულოს წევრები ზუგდიდსა და რუსთავში. ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილის გადაყვანა საჭიროა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის გაივლის ინტენსიურ თერაპიას. მმართველი გუნდი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს პენიტენციურის ექიმთა ჯგუფი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.