საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, გაიგოს, ვინ როგორ ფინანსდება.
„საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში.
წინასწარ, კანონპროექტის წაუკითხავად ვინმე ამას ასახელებს, რომ ეს არის რუსული ან ბელორუსული მოდელი, რა საკვირველია, იმას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – განაცხადა მან.
ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში აინიციირებს კანონპროექტს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტში ბრიფიგზე ისაუბრეს.
„ერთი თვის წინ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიციირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ კანონპრპექტს“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში“, – ამბობენ მოძრაობაში.