საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა - აზარაშვილი

პუბლიკა

„20 სექტემბრის  მდგომარეობით,  საზოგადოებრივ სამუშაოებზე,  23 000-ზე მეტი  სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება მოახდინა “, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის შედეგია: მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიანი პროფესიული კურსების ორგანიზებას და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას.

მინისტრის თქმით, ამ შეთავაზებებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები, 4 წლის განმავლობაში,  ყველა იმ სარგებელს ინარჩუნებენ, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს.